იხვის ტოლმა, იხვის ხინკალი... - როგორია პარტნიორის გარეშე დარჩენილი „კოკორინას“ გეგმები

იხვის ტოლმისა და ხინკალის შემდეგ, 2023 წელს „კოკორონა“ მომხმარებელს ახალ პროდუქციას შესთავაზებს. თუმცა კონკრეტულად რას, კომპანიაში ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებენ.

ცნობისათვის, მეფრინველეობის ფერმა ,,კოკორინა“ თბილისის გარეუბანში, პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე გაიხსნა. ფერმის მფლობელი, ეთო კაპანაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ახლა მიზანი ასორტიმენტის დამატებასთან ერთად სტანდარტის გაზრდაა.

„საახალწლოდ მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ერთი კვირით ადრე შეკვეთების მიღება შევაჩერეთ. ახალი წლის გეგმები ასეთია, რაღაც ეტაპზე უნდა გავჩერდეთ და ერთგვარი რეორგანიზაცია უნდა გავუკეთოთ ჩვენს საქმიანობას. ვგეგმავთ პროდუქციის დამატებასაც. რაც უკვე გვაქვს და რაც მომხმარებლამდე მივიტანეთ, ყველაფერმა დიდი მოწონება დაიმსახურა და გადავწყვიტეთ გავზარდოთ სტანდარტიც.

ჩვენს მოცემულობაში ეს საკმაოდ რთულია, რადგან გაზაფხულზე გახდება ერთი წელი, რაც პარტნიორის გარეშე დავრჩით.

საახალწლო დღეების შემდეგ დავბრუნდებით ბაზარზე უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტით. აქამდე მომხმარებელს შეეძლო შეეძინა ნედლი იხვი, იხვის ხინკალი, იხვის ტოლმა და ინდაურის ნედლი ხორცი. ამ დრომდე 1 კგ იხვის ტოლმა 22 ლარი ღირდა, 1 ცალი ხინკალი 1 ლარი, თუმცა რაღაც დოზით ფასის ზრდა მოგვიწევს, იმიტომ, რომ შეფუთვა და სტანდარტიზება ზრდის ფასსაც“, - განაცხადა ეთო კაპანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი