ლარში გაცემული სესხების მოცულობა 1.3 %-ით, უცხოური ვალუტით გაცემული კი 5.0 %-ით გაიზარდა

2015 წლის თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 1.3 %-ით, უცხოური ვალუტით გაცემული კი 5.0 %-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის თებერვალში 3.6 %-ით გაიზარდა. კერძოდ, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2015 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 498.8 მლნ ლარით (3.6 პროცენტით) გაიზარდა და 2015 წლის პირველი მარტისათვის 14.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.

სებ-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 64.8 მლნ ლარით (1.3 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 430.3 მლნ ლარით (5.0 პროცენტით) გაიზარდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.3 პროცენტით ანუ 77.4 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.5 მლრდ ლარის (შესაბამისად, 4.6 პროცენტით ანუ 241.4 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 30.8 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2015 წლის იანვართან შედარებით, თებერვალში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 5.2 პროცენტით ანუ 104.8 მლნ ლარით გაიზარდა და პირველი მარტისათვის 2.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 24.7 პროცენტი შეადგინა, რაც 2015 წლის პირველი მარტისათვის 1.7 მლრდ ლარით განისაზღვრა (2.9 პროცენტით ანუ 49.0 მლნ ლარით მეტი პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით); 7.0 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 487.5 მლნ ლარია (3.8 პროცენტით, ანუ 17.9 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 62.6 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის. 2015 წლის თებერვლის განმავლობაში 3.1 პროცენტით ანუ 195.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 6.6 მლრდ ლარს მიაღწია.