რა ქონებას ფლობს დეპუტატი დავით ზილფიმიანი, რომელიც ქონებრივ დეკლარაციაში დარღვევების გამო დაჯარიმდა

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2022 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36% დაჯარიმდა. ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2022 წლის განმავლობაში შემოწმებული 377 პირიდან, 39 იყო პარლამენტის წევრი. მათგან, 6 დეპუტატის დეკლარაცია შეფასდა დადებითად, 27 - დაჯარიმდა, 3 -ს გაფრთხილება მისცეს, ხოლო 3 დეპუტატის დეკლარაციის მონიტორინგი შეწყდა.

ერთ-ერთი დეპუტატი, რომლის ქონებაც უარყოფითად შეფასდა და დაჯარიმდა, არის დავით ზილფიმიანი. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშშია აღნიშნული, დაჯარიმების მიზეზი რამდენიმე იყო. მათ შორის, ზილფიმიანის დეკლარაციაში არ არის ასახული თანამდებობის პირის და ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში; ცდომილებაა თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნაშთში; დეკლარაციაში არ არის მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ; ასევე დეკლარაციაში არ არის ასახული თანამდებობის პირის სხვა შემოსავალ-გასავალი.

2022 წლის მარტში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. სწორედ მეუღლეზეა რეგისტრირებული თბილისში მდებარე 327 კვ.მ სახლი, რომელიც 2012 წელს აჩუქეს. მანვე 2022 წლის იანვარში შეიძინა lexus nx250 46000 აშშ დოლარად.

დეკლარაციის თანახმად, დავით ზილფიმიანს 2019 წელს საჩუქრის სახით აქვს მიღებული Arnold&Son ფირმის საათი. მანვე 2021 წელს შეიძინა Beretta APX ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი 4000 ლარად.

რაც შეეხება კომპანიებს, დეპუტატი ფლობს DBM SYSTEMS, LLC USA Bakersfield, CA 305 22nd Street -ის 50% წილს. მასვე ეკუთვნის შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ წილის 22% და „სტერეო+“-ის წილის 50%. ასევე შპს „ტოპ ტვ“-ის წილის 100%, შპს „ომეგა“-ს 100% და შპს „დი+“-ის 100%.

დავით ზილფიმიანს, სახელფასო სარგოს სახით 2021 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციაზე 4 320 ლარი, პარლამენტში კი, 60 032 ლარი აქვს მიღებული.