რა გავლენას მოახდენს ჩინეთის გახსნა მსოფლიო ეკონომიკაზე - The Economist

ჩინეთის „ნულოვანი კოვიდ პოლიტიკა“ დასასრულს უახლოვდება. მკაცრი ჩაკეტვები, რომელიც ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემოიღეს, 8 იანვარს მოიხსნება. გამოცემა The Economist-ი ამ თემას სტატიას უძღვნის, რომელშიც ჩინეთის გახსნის მსოფლიო ეკონომიკის გავლენაზეა საუბარი.

ზუსტად 1016 დღე ჩინეთი დაკეტილი იყო მსოფლიოსთვის. უცხოელი სტუდენტების უმეტესობამ ქვეყანა პანდემიის დასაწყისში დატოვა. ტურისტებმა შეწყვიტეს სტუმრობა. ჩინელმა მეცნიერებმა შეწყვიტეს უცხოურ კონფერენციებზე დასწრება. ინვესტორებს ეკრძალებოდათ ჩინეთში თავიანთ ბიზნესში დაბრუნება. ასე რომ, როდესაც ქვეყანა 8 იანვარს გახსნის საზღვრებს და "ნულოვან კოვიდ პოლიტიკას" დაასრულებს, კომერციული, ინტელექტუალური და კულტურული კონტაქტის განახლებას უზარმაზარი შედეგები მოჰყვება, იმედოვნებენ ექსპერტები.

თუმცა, სანამ ზემოთხსენებული მოხდება, ჩინეთის შიგნით ჯერ კიდევ ვირუსი მძვინვარებს. ყოველდღიურად ათობით მილიონი ადამიანი ავადდება. საავადმყოფოები გადატვირთულია. მიუხედავად იმისა, რომ „ნულოვანმა კოვიდ პოლიტიკამ“ მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა, მისი შემსუბუქება მთავრობამ ვერ მოამზადა სათანადოდ. თუ ვირუსი ამ ტემპით გავრცელდება, დაახლოებით 1,5 მილიონი ჩინელი დაიღუპება უახლოეს თვეებში.

პირველ კვარტალში, ჩინეთის ეკონომიკა შეიძლება შემცირდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ოფიციალური პირები შეცვლიან კურსს და დაკეტავენ ქალაქებს შემთხვევების შესამცირებლად. მაგრამ ჩინეთის ხელახალი გახსნა 2023 წლის ყველაზე დიდი ეკონომიკური მოვლენა იქნება და ამაზე თანხმდება ყველა.

ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ქვეყნის მშპ 2024 წლის პირველ სამ თვეში შეიძლება იყოს მეათედით მეტი, ვიდრე 2023 წლის პრობლემურ პირველ კვარტალში. ასეთი მკვეთრი აღმავლობა ასეთ უზარმაზარ ეკონომიკაში ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩინეთს შეუძლია გააძლიეროს გლობალური ზრდის დიდი ნაწილი ამ პერიოდის განმავლობაში.

ჩინეთის თვითდაწესებული იზოლაციის დასრულება კარგი ამბავი იქნება იმ ადგილებისთვის, რომლებიც ჩინურ ხარჯებზე იყო დამოკიდებული, მაგალითად, სასტუმროები პუკეტში და სავაჭრო ცენტრები ჰონგ-კონგში.

ისარგებლებენ იმ საქონლის ექსპორტიორებიც, რომლებსაც ჩინეთი მოიხმარს. ქვეყანა ყიდულობს მსოფლიო ნავთობის მეხუთედს, რაფინირებული სპილენძის, ნიკელისა და თუთიის ნახევარზე მეტს და რკინის მადნის 3/5-ზე მეტს.

თუმცა, ჩინეთის აღდგენას მტკივნეული გვერდითი მოვლენები ექნება მთელი რიგი ქვეყნებისთვის. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ის შეიძლება გამოვლინდეს უფრო მაღალ ინფლაციაში ან საპროცენტო განაკვეთების ზრდაში. ცენტრალური ბანკები უკვე გააფთრებული ტემპით ზრდიან განაკვეთებს ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ ჩინეთის ხელახალი გახსნა გაზრდის ფასების ზეწოლას არასასიამოვნო ხარისხით, მათ მოუწევთ მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება.

ევროპისთვის ჩინეთის ხელახალი გახსნა არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ არ დაკმაყოფილდეს გაზის მიწოდებით წლის ბოლოს. „ნულოვანმა კოვიდმა“ ჩინეთის გაზზე მოთხოვნილების დათრგუნვით, ის ნაკლებად ძვირი გახადა, ვიდრე სხვაგვარად დაუჯდებოდა ევროპას თავისი საცავის ავზების შევსება 2022 წელს. აღდგენა ჩინეთში ნიშნავს მეტ კონკურენციას თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტისთვის.

ჩინეთის ამჟამინდელი გახსნა საბოლოოდ წარმატებული იქნება. მაგრამ ზოგიერთი ქსენოფობიური განწყობა, რომელიც კომუნისტურმა პარტიამ გამოიწვია პანდემიის წლებში, აუცილებლად შენარჩუნდება.

რამდენად ღია იქნება ახალი ჩინეთი, ჯერ კიდევ გასარკვევია.

ეკა დარჩიაშვილი