საბერძნეთი თურქეთთან მთელ საზღვარზე კედელს ააგებს

საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა, თურქეთთან საზღვრის მთელ სიგრძეზე, მდინარე ევროსის (თურქულად: მერიჩის) გასწვრივ კედელი ააშენოს. ამის შესახებ საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკოსმა ტელეარხ SKAI-ს განუცხადა.

კედლის მთლიანი სიგრძე შესაძლოა, 140 კმ იყოს, თუმცა საზღვრის ცენტრალურ ნაწილში 35 კმ-იანი მონაკვეთის დაუყოვნებლივ აშენებაზე მთავრობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. კედლის აგება მთლიანობაში 100 მლნ ევრო დაჯდება. სამუშაოები ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაიწყება.

ოფიციალური ათენი იმედოვნებს, რომ თურქეთიდან მიგრანტების უკანონო ნაკადს კედლით შეაჩერებს. ტაკის თეოდორიკაკოსის მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს საბერძნეთის პოლიციამ ქვეყანაში არალეგალურად შეღწევის 256 000 შემთხვევა აღმოფხვრა.

ევროსი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. მდინარის გასწვრივ საბერძნეთის კედლის ნაწილი უკვე აშენებულია, რომლის სამუშაოებიც 2020 წელს, საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების შემდეგ დაჩქარდა. სააგენტო Associated Press წერს, რომ 2022 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით კედლის 40 კმ-იანი მონაკვეთი უკვე აშენებული იყო. მიგრანტების საბერძნეთში განზრახ გაგზავნაში ათენი თურქეთს ადანაშაულებს. მთავრობის მტკიცებით, თურქეთი თავის მეზობელ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ