წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა

თბილისის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, დედაქალაქის მთავრობამ წერეთლის გამზირის პროექტირება-მშენებლობაზე სახელმწიფო შესყიდვა 2022 წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერი 3 ლოტად გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, განაცხადების მიღება 1-ელ იანვარს იწყებოდა და 6 იანვარს სრულდებოდა.

დოკუმენტაციის მიხედვით, პირველი ტენდერი სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთს მოიცავდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 515 779 ლარს შეადგენდა. მეორე მონაკვეთია გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე, აქ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 592 298 ლარი იყო. მესამე მონაკვეთის - ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 075 237 ლარს შეადგენდა.

სამივე ტენდერის მიხედვით, ჯამში წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მერიას 20 183 314 ლარი დაუჯდებოდა.

აღსანიშნავია, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის მთავრობის მიერ 2023 წელს დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. შესაბამისად, მერია ახალ ტენდერს სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.