საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.6 მლრდ ლარით გაიზარდა

იანვარში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 15.8 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.  ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის, 16 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.

"წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.6 მლრდ ლარით, ანუ 2.8 პროცენტით გაიზარდა და 21.2 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.7 პროცენტია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 69.6 პროცენტი შეადგინა. გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. იანვრის თვის წმინდა მოგებამ 15.8 მლნ ლარი შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 77.5% შეადგინა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი მარტისათვის 12.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 499.3 მლნ ლარით ანუ 4.2 %-ით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 46.3 მლნ ლარით, ანუ 0.9 %-ით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 453.1 მლნ ლარით ანუ 6.6 %-ით.

"დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 64.70 პროცენტი შეადგინა - 0.72 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 % შეადგენა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.1 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.8 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.5 პროცენტი შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.