ჯეკ მამ Ant Group-ზე კონტროლი დაკარგა

Ant Group-ის აქციონერები შეთანხმდნენ კომპანიის სტრუქტურის ცვლილებაზე, რომლის შედეგად მილიარდერმა ჯეკ მამ მასზე კონტროლი დაკარგა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჩინური კომპანია ავრცელებს.

ცვლილების შედეგად Ant-ი ხმის მიცემის უფლებას აძლევს 10 პირს, მათ შორის დამფუძნებელს, ხელმძღვანელსა და პერსონალს, რაც ფაქტობრივად, ჯეკ მას უუქმებს კონტროლს ამ კომპანიაზე. ეს ცვლილებები არ შეეხება აქციონერების „ეკონომიკურ ინტერესებს“, - აცხადებენ კომპანიაში, რომელსაც სააგენტო Bloomberg-ი ციტირებს.

წილობრივი გადანაწილების სტრუქტურის ცვლილებამდე ჯეკ მა კომპანიის 50.52%-ს ფლობდა, ახლა კი მილიარდერის წილი Ant Group-ში სულ რაღაც 6%-მდეა შემცირებული.

ამასთან 9%-ით გაიზარდა Alibaba-ს აქციები ორშაბათს გამართული ვაჭრობის შედეგად.

ცნობისთვის, 2020 წლის ოქტომბერში ინტერნეტ გიგანტ Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ შანხაის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა ჩინეთის ხელისუფლება ფინანსური რეგულაციების გამო. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი ჩინეთის ხელისუფლებამ კომპანია Ant Group-ის IPO გადადო, რომელიც 37 მილიარდად იყო შეფასებული. ამის შემდეგ კი ხელისუფლებამ Alibaba რეკორდული 2,8 მილიარდი დოლარით დააჯარიმა, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო.

შანხაის ფორუმის და Ant Group-ის IPO-ს გადადების შემდეგ ჯეკ მა პუბლიკის წინაშე არც გამოჩენილა.

Financial Times-ი ნოემბერში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მა უკვე ნახევარი წელია ოჯახთან ერთად ტოკიოში ცხოვრობს. ის ამავდროულად ხშირად სტუმრობს აშშ-სა და ისრაელს.

კოკა კვირკველია