ჩინეთის მიერ საზღვრების გახსნის შემდეგ ნავთობის ფასები იზრდება

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები იზრდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულებამ 3%-ით, 81 დოლარამდე მოიმატა, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობი კი 3.5%-ით, 76 დოლარამდეა გაძვირებული.

ზრდის ტენდენციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ჩინეთის, მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორის მიერ საზღვრების გახსნა და დოლარის კურსის ნაწილობრივი გაუფასურებაა. 2020 წლის მარტში სამოგზაურო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, 2023 წლის 8 იანვარს ჩინეთმა პირველად გახსნა საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის - შემოსულ მოგზაურებს აღარ მოეთხოვებათ კარანტინი, მაგრამ მაინც დასჭირდებათ უარყოფითი პასუხი PCR ტესტზე, რომელიც გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე უნდა ჩატარდეს.

კვირას, ჩინეთის ხელისუფლებამ ასევე დაიწყო რეგულარული ვიზებისა და დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემა უცხოელებისთვის, აღდგა საზღვაო და სახმელეთო სამგზავრო მიმოსვლაც ჩინეთსა და ჰონგ-კონგს შორის.

ამავდროულად, ნავთობის ფასების ზრდის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი მოსალოდნელ რეცესიასთან დაკავშირებული შიშებია, რასაც 2022 წელს ევროკავშირში ინფლაციის რეკორდული დონე და აშშ-ს ფედერალური რეზერვის აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს.

თუმცა, როგორც მოსალოდნელია, მომდევნო სხდომაზე ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც ეკონომიკური აქტივობის შენელებას იწვევს, წინა გადაწყვეტილებებთან შედარებით ნაკლებად გაზრდის. ეს კი ნავთობის ფასების ზრდისთვის დამატებითი ფაქტორი შეიძლება იყოს.

უნდა ითქვას ისიც, რომ OPEC+ მზადაა ნავთობის წარმოება კიდევ უფრო შეამციროს, რათა თავიდან აირიდოს ფასების კიდევ უფრო მეტად შემცირება.

კახი ჩაკვეტაძე