ირაკლი ღარიბაშვილი:  ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არ შეეხება სოციალურ და ინფრასტრუქტრულ პროექტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არ შეეხება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებული ვითარების ფონზე, მთავრობამ მეტი ახალი ეკონომიკური პროექტის ინიცირება დაიწყო.  "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მაქსიმალურად დავზოგოთ ადმინისტრაციული ხარჯები. შემცირება არ შეეხება არც ერთ სოციალურ და ინფრასტრუქტრულ პროექტს. მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ რეგიონებში და ხალხმა მეტ-ნაკლებად ამოისუნთქა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ის პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი, ერთ დღეში ვერ მოგვარდება და ამის ილუზიას არ უქმნიან მოსახლეობას. "ჩვენ გვირჩევნია პირდაპირ ვუთხრათ სათქმელი მოსახლეობას და არ შევუქმნათ მოლოდინები. ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ უფრო დაცულად. რაც მთავარია, უნდა ვუთხართ მათ, რა ხედვა გვაქვს ჩვენი ეკონომიის გაჯანსაღებისთვის", -განაცხადა ღარიბაშვილმა.