სამართლებრივი პრეცედენტი - ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემის საკუთარ მექანიზმს წარადგენს

ესტონეთი იანვრის ბოლოს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემის სამართლებრივ ბაზას წარადგენს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მიხკელ ტამმა სააგენტო Bloomberg-ს განუცხადა.

ამასთან, სააგენტო ესტონეთის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ორგანოს მონაცემებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში, დაახლოებით, 20 მლნ ევროს (21,6 მლნ დოლარის) აქტივი არის გაყინული.

მიხკელ ტამის თქმით, დეკემბრის ბოლოს ესტონეთის მთავრობამ სამინისტროებს დაავალა აქტივების ჩამორთმევა-გადაცემის გეგმა შეემუშავებინათ, რისი სამართლებრივი ბაზაც იანვრის ბოლოს გასაჯაროვდება. Bloomberg წერს, რომ გეგმა იმ დროისთვის იქნება მზად, როცა ევროკომისია გაყინული სახსრების განკარგვის შესახებ ევროკავშირის საერთო შეთანხმებას შეიმუშავებს.

როგორც ცნობილია, გაყინული აქტივები მთლიანობაში რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მლრდ ევროს (322 მლრდ დოლარის) რეზერვებსა და რუსი ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებულ მილიარდობით დოლარის ფულად სახსრებს შეადგენს.

დეკემბერში ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრებმა რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენონ. იანვრის დასაწყისში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს, ევროპაში გახდეს პირველი, ვინც გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს. მან აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად რუსული აქტივების კონფისკაციის ესტონური მექანიზმის შექმნა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით შესაძლოა, პრეცედენტი გახდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ