„ჩვენი ქვეყნისთვის  მტკივნეული არ უნდა იყოს ფასების ზრდა“ - „პარალელურად უნდა იზრდებოდეს  ხელფასები“

„ჩვენი ქვეყნისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს ფასების ზრდა. პირიქით, ფასების ზრდა ქვეყნის განვითარებისთვის და ეკონომიკის ზრდისთვის კარგია, მაგრამ ეს ასევე უნდა იყოს ხელფასთან მიმართებით, პარალელურ რეჟიმში. არ შეიძლება მხოლოდ ფასი იზრდებოდეს და ხელფასი არა“, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხემძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორც ბიზნესმა, ისე საზოგადოებამ, სახელმწიფოს რა მოეთხოვება და ჩვენ - რა. ყველაფერს სახელმწიფო ვერ გაგიკეთებს, სტუმარსაც ვერ ჩამოიყვანს, ვერ მოუვლის... და შენ მხოლოდ ფული აიღო, ესე ვერ იქნება. სახელმწიფოს თავისი ვალდებულება აქვს, ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენს კურორტებზე არ არსებობს. ფასებთან მიმართებით, რა თვითღირებულებაც არის და მიწოდების შემდეგ, რასაც იღებს ჩამოსული სტუმარი, არ შეესაბამება იმ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს, რაც გვაქვს.

ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურა მარტივი უნდა იყოს, გადაადგილების საშუალებით თუ იმ თვალსაზრისით, რაც ადამიანს სჭირდება, ტურისტულ ადგილებში. დღეს, სამწუხაროდ, ეს არ გვაქვს. ამ გამოწვევას სახელმწიფომ ჯერ ვერ უპასუხა.

ჩვენ ბიზნესი ეტაპობრივად განვითარდა და ამას დაახლოებით, 15-20 წელი დასჭირდა, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო 3-5 წელში გაკეთებულიყო, თუ სწორი ჩართულობა იქნებოდა. ეს არის ჩემი მოთხოვნა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიმართ, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს, ამით შესაძლებლობა მიეცეს ჩამოსულ ტურისტს, რომ მისთვის მარტივი იყოს გადაადგილება და იმ შესაძლებლობის მიღება, რასაც სთავაზობს ესა თუ ის კურორტი..

რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესს, განვითარებასთან ერთად რაღაც ეტაპზე გაძვირება ყოველთვის მოსალოდნელია. არ შეიძლება, რომ მაგალითად, 5 წლის წინ, როდესაც შენ სხვა სერვისს სთავაზობდი, ახლაც (როდესაც განვითარდი) სხვა სერვისი იგივე ფასით შესთავაზო. ჩვენი ქვეყნისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს ფასების ზრდა. პირიქით, ფასების ზრდა ქვეყნის განვითარებისთვის და ეკონომიკის ზრდისთვის კარგია, მაგრამ ეს ასევე უნდა იყოს ხელფასთან მიმართებით, პარალელურ რეჟიმში. არ შეიძლება მხოლოდ ფასი იზრდებოდეს და ხელფასი არა.

თუ მოქალაქეების ხელფასი იზრდება და გარკვეული ნამატი ექნებათ, ფასების ზრდა მათთვისაც იქნება შესაძლებელი და ქვეყნისთვისაც. პირობითად, დღეს რომ სტუმარი „100 დოლარს“ ხარჯავს და ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მისთვის მარტივია ამ „100 დოლარად“ ქვეყნის მონახულება, მას 500 რომ დაუჯდება, ეს ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვისაც შესაძლებლობებს გაზრდის. ამის პარალელურად, აუცილებლად უნდა იზრდებოდეს ხელფასები და დანამატები, რაც ამ სფეროში მომსახურე პერსონალს აქვს“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ნინი ქეთელაური