ბოსფორზე გამავალი გემების ემისიებს სპეციალური სენსორები შეამოწმებენ

სტამბოლის სრუტეზე, ანუ ბოსფორზე გამავალი გემების გამონაბოლქვის დონეს სპეციალურად განთავსებული სენსორები გამოითვლიან. აღნიშნული პროექტი მიმდინარე თვეში დაიწყება და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

პროექტი სტამბოლის უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებისა და მართვის ინსტიტუტმა სამხრეთ კორეის ეროვნულ კვლევის ფონდთან (NRF) თანამშრომლობით შეიმუშავა. პროექტს, ასევე, მხარს უჭერს თურქეთის სამეცნიერო-ტექნიკური კვლევითი საბჭო.

პროექტის პირველ ეტაპზე გემების მავნე ემისიების გამოსათვლელი სენსორები სტამბოლის სრუტის სამ წერტილში განთავსდება, თუმცა მოგვიანებით მათი რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. ამჟამად ეს სისტემა წარმატებით გამოიყენება სამხრეთ კორეაში, ხოლო საზღვაო მეცნიერებისა და მართვის ინსტიტუტმა თურქეთის მოთხოვნებზე მისი ადაპტირება შეძლო. კერძოდ, სამხრეთკორეული სისტემა ურბანიზაციის გარეშე, მხოლოდ ბუნებრივ წყლებში მოძრავ გემებზე გამოიყენება, ხოლო თურქული სენსორები მოსახლეობით 15-მილიონიან სტამბოლში ქალაქის ავტომობილებისა და სრუტეში გამავალი გემების ემისიებს ერთმანეთისგან გამოარჩევენ. ამდენად, თეორიული სამუშაოების შემდეგ თურქული მხარე მის პრაქტიკაში გატარებას იწყებს.

ინსტიტუტის მონაცემებით, ყოველწლიურად სტამბოლის სრუტეზე, საშუალოდ, 40 000 გემი გადის. თუმცა თურქეთის ლოგისტიკური სისტემა ამ მოძრაობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შედეგებს არ ითვალისწინებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ