საქართველო მსოფლიო პასპორტების რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა - ყველაზე „ძლიერი“ პასპორტების ტოპ-10

კომპანია Henley & Partners-ის მსოფლიო საპასპორტო ინდექსის რეიტინგში, რომელიც „ძლიერ“ და „სუსტ“ პასპორტებს ავლენს, საქართველომ 2023 წლის დასაწყისისთვის 50-ე ადგილი დაიკავა, მაშინ, როცა 2022 წლის დამდეგისთვის 52-ე ადგილზე იყო. მსოფლიო პასპორტების რეიტინგს კომპანია Henley & Partners მე-18 წელია ადგენს. World Passport Index-ის უახლესი შედეგები კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Henley & Partners-ის მსოფლიო პასპორტების ინდექსი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების ზრდას აფიქსირებს. ინდექსი 199 სხვადასხვა პასპორტსა და 227 სხვადასხვა სამოგზაურო მიმართულებას მოიცავს.

ამ მხრივ საქართველოს პასპორტით უვიზოდ 116 მიმართულებით მგზავრობა არის შესაძლებელი, რა მაჩვენებელიც 2022 წლის დასაწყისისთვისაც ანალოგიური იყო, ხოლო 2021 წელს 115 მიმართულებით საქართველო 55-ს ადგილს იკავებდა.

მსოფლიოს უძლიერესი პასპორტების რეიტინგში ზედიზედ მეხუთე წელია, იაპონია ლიდერობს. უვიზო ან ჩასვლისას ვიზით მიმართულებების რაოდენობით მისი პასპორტის მფლობელებისთვის 227-დან 193 ქვეყანა არის ღია. ეს 166 ქულით მეტია ავღანეთზე, რომელიც რეიტინგში ბოლო ადგილზეა. მეორე ადგილს 192 უვიზო მიმართულების შესაძლებლობით სინგაპური და სამხრეთ კორეა ინაწილებენ. რეიტინგის ბოლო ადგილებზე ერაყი (108-ე ადგილი, 29 მიმართულება) და ავღანეთია (109-ე ადგილი, 27 მიმართულება).

რეგიონის ქვეყნებიდან, საქართველო თურქეთს (52-ე ადგილი,110 მიმართულება) ორი პოზიციით უსწრებს, თუმცა ერთი პოზიციით ჩამორჩება რუსეთს (49-ე ადგილი, 118 მიმართულება). რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის 70 უვიზო მიმართულებით 76-ე ადგილზე, ხოლო სომხეთი კიდევ უფრო უკან, 66 მიმართულებით 79-ე პოზიციაზეა.

World Passport Index-ის ტოპ 10-ეულია:

  • იაპონია - 193 მიმართულება
  • სინგაპური და სამხრეთ კორეა - 192 მიმართულება
  • გერმანია და ესპანეთი - 190 მიმართულება
  • ფინეთი, იტალია და ლუქსემბურგი -189 მიმართულება
  • ავსტრია, დანია, ნიდერლანდები და შვედეთი - 188 მიმართულება
  • საფრანგეთი, ირლანდია, პორტუგალია და გაერთიანებული სამეფო - 187 მიმართულება
  • ბელგია, ჩეხეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია და აშშ - 186 მიმართულება
  • ავსტრალია, კანადა, საბერძნეთი და მალტა - 185 მიმართულება
  • უნგრეთი და პოლონეთი - 184 მიმართულება
  • ლიეტუვა და სლოვაკეთი - 183 მიმართულება

Henley & Partners-ის World Passport Index-ის ანგარიში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსკლუზიურ მონაცემებს ეფუძნება.

Henley & Partners საინვესტიციო მიგრაციაში საერთაშორისო ლიდერია. კომპანია კონსულტაციას უწევს კერძო კლიენტებს საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის, ასევე, ოფიციალური სამთავრობო საინვესტიციო პროგრამებით მეორე მოქალაქეობის მიღების ან ცხოვრების უფლების მინიჭების შესახებ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ