საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის წლიური სიმძლავრის ნახევარზე მეტი გრძელვადიანი კონტრაქტებით დაჯავშნილია

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB) 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაახლოებით, 4,875 მილიონი მეგავატ/საათი გაზი გადაიქაჩა. ამის შესახებ გაზსადენის ოპერატორ ICGB-ის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.

კომპანიის მონაცემებით, დეკემბერში, ანუ მილსადენის კომერციულ მომსახურებაში შესვლიდან სულ რამდენიმე თვეში IGB-ის სიმძლავრის 94%-ზე მეტი დაიჯავშნა, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის ინტერკონექტორის 11 მომხმარებელი იქნა რეგისტრირებული.

182 კმ სიგრძის გაზსადენი საბერძნეთისა და ბულგარეთის გაზგამანაწილებელ ქსელებს ერთმანეთთან კომოტინისა და სტარაზაგორის პუნქტებში აკავშირებს. ამასთან, ბულგარეთი პირდაპირ უკავშირდება ტრანსადრიატიკის გაზსადენს, რომლითაც აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ხდება. IGB-ის ჯამური სიმძლავრე წელიწადში 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, საიდანაც 1,57 მილიარდი კუბური მეტრი 25-წლიანი გრძელვადიანი კონტრაქტებით უკვე დაჯავშნილია. თავისუფალი სიმძლავრეები წარმატებით გადის ევროპული პლატფორმების, PRISMA-სა და RBP-ის აუქციონებზე.

გათბობის მიმდინარე სეზონის დაწყებიდან ინტერკონექტორი ბულგარეთში ბუნებრივი აირის ზამთრის მოხმარების, დაახლოებით, 1/3-ს უზრუნველყოფს. ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ IGB ბულგარეთში ბუნებრივი გაზის დივერსიფიცირებული მიწოდების პირველი მარშრუტია, რასაც მიწოდების უსაფრთხოებასა და ბაზრის კონკურენციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, ეს კი ქვეყნის საწარმოებისა და ოჯახებისთვის ფასების ოპტიმიზაციის წინაპირობაა.

იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულებით პროექტის საფუძველი წელიწადში მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაა, IGB-ს გრძელვადიანი სიმძლავრეებიც აქვს, რომლებიც ტვირთის სხვა გამგზავნების მიერაც არის დაჯავშნილი. მათი უმეტესობა ბულგარეთის ბაზარზე სრულიად ახალი მოთამაშეა. 2024 წელს საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი გაზის რამდენიმე წყაროზე მიიღებს წვდომას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ