ფოთის მერის განცხადებით, ძლიერმა ქარმა ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა

ფოთის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა ძლიერი ქარია, რის გამოც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი იზრდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ განუცხადა, სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა.

მისივე თქმით, ქარმა საცხოვრებელი სახლების, ერთ-ერთი საჯარო სკოლის, საჯარო დაწესებულებების და მრავალსართულიანი ბინების სახურავები დააზიანა. მოგლეჯილია ხეები, წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები.

მერის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის გასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობდა, ასევე ტარდება უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებები.

„ზარალი საკმაოდ დიდია. შექმნილია ზარალის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც შესაბამისად აღწერს მიყენებულ ზარალს. ერთ-ერთი აღწერის დროს დაშავდა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც მრავლობითი მოტეხილობით გადაყვანილია კლინიკაში და მას ყველა შესაბამისი დახმარება გაეწევა. შექმნილია სამუშაო ჯგუფები მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. მოსახლეობას შეუძლია ცხელ ხაზზე დარეკოს, ან თავიანთ უბანში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება. გრძელდება სამუშაოები ელექტროენერგიის აღსადგენად. ხშირია ხეების მოგლეჯის შემთხვევა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, გადაადგილებას მოერიდონ“, - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთის ძლიერი ქარი დღეს საღამომდე შენარჩუნდება, ხვალ კი შედარებით შენელდება.