ჩოხატაურში, სტიქიის შედეგად, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი შვიდი ოჯახი დროებით ქირით გადაიყვანეს

ჩოხატაურში ძლიერი ქარის შედეგად, შვიდი ოჯახი დროებით თავშესაფრის გარეშე დარჩა. როგორც ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაზარალებული ოჯახები მერიის დახმარებით, დროებით ქირით არიან გაყვანილი.

დავით შარაშიძის თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქარმა ელექტრო გადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილებიც დააზიანა.

დავით შარაშიძის თქმით, შემთხვევის ადგილებზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.

„ძლიერი ქარის გამო, ხეები წაიქცა, ელექტრო გადამცემი ხაზები და გაზის მილი დაზიანდა. დაახლოებით, შვიდი სახლის სახურავი დააზიანა, სახლებს სახურავი მთლიანად გადააძრო. ამიტომ დაზარალებული ოჯახები დროებით ქირით გადავიყვანეთ.

მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც არის მცირე ზარალი. ამ წუთისთვის, ნოდარ დუმბაძის ქუჩა ისევ ჩაიკეტა, რადგან ხეები წაიქცა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გაზის მიწოდებაც შეზღუდულია”, - განაცხადა დავით შარაშიძემ.

ძლიერმა ქარმა ხეები ლანჩხუთშიც წააქცია და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ასევე, მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა.