2025 წლიდან ტოკიოში სახლების მზის პანელებით აღჭურვა სავალდებულო ხდება

2025 წლის აპრილის შემდეგ ტოკიოში მსხვილმასშტაბიანი მშენებლების მიერ აშენებულ ყველა სახლზე სავალდებულო ხდება მზის პანელების დამონტაჟება. ეს ქვეყნის კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ნახშირბადის ემისიების შემცირებისკენ.

ბრძანება იაპონური მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველია და ავალდებულებს 50 უმთავრეს კონსტრუქტორს, აღჭურვოს სახლები 2,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განახლებადი ენერგიის წყაროებით, ძირითადად კი მზის პანელებით.

ტოკიოს მერმა, უირიკო კოიკემ აღნიშნა, რომ ამჟამად, იმ შენობების მხოლოდ 4%-ია აღჭურვილი, რომლებზეც საერთო ჯამში უნდა განთავსდეს მზის სადგურები. დედაქალაქის მთავრობა მიზნად ისახავს სათბური გაზების გამოყოფის მაჩვენებელი 2030 წლისთვის გაანახევროს.

ტოკიოში, მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში წლიურად 8.6 ტონა CO2 გამოიყოფა, კლიმატის ცვლილების საერთაშორისო პანელის რეკომენდაცია კი 2.3 ტონაა დეკარბონიზაციის მიზნების მისაღწევად.

„გლობალურ კლიმატურ კრიზისთან და რუსეთ-უკრაინის გაჭიანურებულ ომთან ერთად, ჩვენ ენერგოკრიზისის წინაშე ვართ. დასაკარგი დრო კი არ გვაქვს“, - განაცხადა ადგილობრივი ასამბლეის წევრმა, რისკაო ნარიკიომ.

აღსანიშნავია, რომ იაპონია მსოფლიოში სათბური აირების ემისიით მეხუთე ადგილზეა და მიზნად ისახავს ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლისთვის, თუმცა პროცესს ქვანახშირზე და თერმულ ელექტროსადგურებზე დამოკიდებულება აფერხებს. 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ ქვეყანაში თითქმის ყველა ბირთვული რეაქტორია გამორთული.

კახი ჩაკვეტაძე