Tesla თურქეთის ბაზარზე გადის

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla თურქეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, მუსტაფა ვარანკმა შეერთებულ შტატებში კომპანიის მენეჯმენტთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რასაც ტელეკომპანია TRT ავრცელებს.

მისი თქმით, თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა. მინისტრი ამბობს, რომ Tesla თურქეთში ინვესტიციების განხორციელების, მათ შორის დამტენი სადგურების შექმნის ინტერესს ადრეც გამოთქვამდა, თუმცა კომპანიის შიდა მოვლენების გამო ეს პროცესი გადაიდო.

„თურქეთს აქვს მეტად სერიოზული სისტემა განსაკუთრებით კვლევისა და განვითარების ინვესტორების სტიმულირებისთვის. Tesla-სთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე წვდომა, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ინვესტიციები ტექნოლოგიასა და წარმოებაში. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი წინადადებები,“ - აცხადებს მუსტაფა ვარანკი.

მისი თქმით, Tesla-ს უკვე ჰყავს მიმწოდებლები თურქეთიდან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, Tesla-მ თურქეთში იურიდიული პირი, Tesla Motorlari დაარეგისტრირა, ხოლო წარმომადგენლობის გენერალურ დირექტორად ქემალ გეჩერი დაინიშნა, რომელიც მანამდე თურქეთსა და ერაყში Lufthansa-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. Tesla თურქეთში ოთხი მოდელის გაყიდვას გეგმავს: სედანი Model 3, ლიფთბექი Model S და კროსოვერები, Model Y და Model X.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ