„ჯერ ჩვენთვის ოფიციალურად ინფორმაცია არ მოუწოდებიათ და ჩვეულებრივ მიდის დაჯარიმება“- დისტრიბუტორთა ასოციაცია საპარკინგე ადგილებზე

მიუხედავად დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებისა, რომ სადისტრიბუციო მანქანებისთვის, თბილისის მასშტაბით, 550 საპარკინგე ადგილი გამოიყოფოდა, ჯერჯერობით კომპანიებს ინფორმაცია ოფიციალურად არ მისვლიათ.

როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, რის გამოც 1-წლიან მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, რადგან დისტრიბუტორები ისევ ჩვეულებრივ ჯარიმდებიან.

„ახლა ვიწყებთ ოფიციალურად, ჩვენ წევრ კომპანიებში გამოკითხვას და გარკვეულწილად კვლევა გვინდა, რომ ჩავატაროთ, რომელ პოზიციას რამდენით გაეზარდა ხელფასები. ზუსტი მონაცემები რომ გვქონდეს. თუმცა დაახლოებით რა ინფორმაციაც მაქვს, ზოგადი, თუ პირადი გამოკითხვით, 20%-დან 30%-მდე მოუწიათ კომპანიებს სახელფასო მიმართულების ზრდა, რომ ელემენტარულად კადრები შეენარჩუნებინათ.

მესმის გულისწყრომა, ჩვენი მოსახლეობის, რიგ შემთხვევაში ესეც საკმარისი არ არის. დღეს 1000 ლარად რომ იმუშაო ძალიან რთულია, როდესაც კომუნალურ გადასახადებში სადღაც, 30% მიგდის და როდესაც შეიძლება ერთი არასწორი პარკირების გამო მოგივიდეს 50-ლარიანი ჯარიმა. მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც მინიმუმ ერთი 50-ლარიანი ჯარიმა მაინც არ მისდის.

ჩვენ ამ საკითხზეც მივმართეთ მერიას, იმიტომ, რომ ესეც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და ფასებზე. როდესაც შენ თვის ჭრილში, ათასობით ლარის დამატებით გადახდა გიწევს იმის გამო, რომ საპარკინგე ადგილები არ არის და მიგდის ჯარიმებში, ვფიქრობ, არასწორი და არაკონსტიტუციურია. თუ ეს პრობლემა სწრაფად არ მოგვარდა, შემდეგ უბრალოდ კომპანიები იძულებულები იქნებიან ფასში ასახონ. ამიტომ, ჩვენ მომენტალურად მივმართეთ დედაქალაქის მერიას, საკრებულოს. იყო გამოხმაურება. ჩვენ ძალიან ოპერატიულად რაც შევძელით, სია გავუგზავნეთ წევრების მიერ მოწოდებული და ამის შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებში გარკვეულწილად მოაწყვეთ ფორუმი, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა, დისტრიბუცია და საპარკინგე ადგილები, სადაც დედაქალაქის მერიიდან წარმოდგენილი იყო სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, აგრეთვე, ბატონი შალვა ოგბაიძე ესწრებოდა, რომელიც ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს, ჩათვალეთ, რომ თითქმის ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, ეს არის რითეილ ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია, სასტუმროების ასოციაცია, გადამხდელთა კავშირი, ანუ თითქმის ყველას ესწრებოდა ამ შეხვედრას, რადგან ყველასთვის მტკივნეულია ეს საკითხი.

პრობლემა გადაიჭრა იმ მხრივ, რომ კი, დედაქალაქის მერმა გამოაცხადა, რომ გამოიყოფა 550 ადგილი, რომელიც სწორედ იქიდან იქნა არჩეული, რომელი სიაც ჩვენ მივაწოდეთ, მაგრამ ეს იმდენად გრძელვდიანია... მაგალითად, როდესაც შეხვედრა იყო, დავით ჯაიანმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის დაახლოებით, 30 ადგილზე მიდის მსჯელობა, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. პირადი დაკვირვებით, მე ვნახე, რომ უკვე შემოხაზულია ის ადგილები, მაგრამ ჯერ ჩვენთვის ოფიციალურად ინფორმაცია არ მოუწოდებიათ და ჩვეულებრივ მიდის დაჯარიმება.

ეს პროცესი არის დროში ძალიან გაწელილი და ალბათ, მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. მე იმას ვითხოვ, რომ ერთი წლის განმავლობაში ავიღოთ მორატორიუმი. ამის გარეშე, წარმოუდგენელია. ერთი საპარკინგე ადგილი რომ გამოიყოფა კარგია, მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც 2 ავტომობილი ერთად მივა, ერთი დაპარკინგდა, მეორე ელოდება (ანუ პარკირების დრო არის 10-დან, მაქსიმუმ 15 წუთი), უკონტაქტო პატრული იქნება, თუ ქალაქის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი, ეგრევე ჯარიმას უწერენ. ანუ, თუ მოლოდინის რეჟიმში შენს ადგილს დაელოდები, მაშინაც კი ჯარიმას ითვალისწინებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მივაღწიოთ მორატორიუმს“,- განაცხადა ივა ჭყონიამ.

ნინი ქეთელაური