„ევროკავშირის მოთხოვნებს შორის, ეს არის ზღვაში წვეთი, რაც ჩვენს ძვირფას მთავრობას შესასრულებელი აქვს“ - ივა ჭყონია 40-საათიან სამუშაო გრაფიკზე

„ევროკავშირის მოთხოვნებს შორის, ეს არის ზღვაში წვეთი, რაც ჩვენს ძვირფას მთავრობას შესასრულებელი აქვს“,- ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ 40-საათიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, უკვე ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც კვირაში 40- საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს, ყოველი მომდევნო სამუშაო საათი კი, „ოვერთაიმად“ ითვლება და დამატებით ანაზღაურება/გადასახადს ითვალისწინებს.

„იმ დროს, როდესაც ძალიან სერიოზული საკადრო დეფიციტია ბაზარზე, როდესაც ისედაც დაახლოებით, 20%-იანი ზრდაა ხელფასებში და შენ კიდევ შეიძლება „ოვერთაიმიდან“ გამომდინარე დამატებითი გადასახადი მოგიწიოს, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება.

მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ევროკავშირის ერთ-ერთ მოთხოვნაა, მაგრამ დამიჯერეთ, ევროკავშირის მოთხოვნებს შორის ეს არის ზღვაში წვეთი, რაც ჩვენ ძვირფას მთავრობას შესასრულებელი აქვს.

ამ მიმართულებით ბოლო რეგლამენტი, რაც დაამტკიცეს და ვნახეთ, ასე კონკრეტულად დისტრიბუცია გაჟღერებული არ არის, თუმცა, სიტყვიერად როგორც განმიმარტეს, დისტრიბუცია გადის ლოგისტიკაში. რა თქმა უნდა, ჩვენ წერილობით მიმართვას გავუგზავნით ჯანდაცვის სამინისტროს, რათა დაზუსტებულად მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომ ჩვენ ნამდვილად გავდივართ.

აგრეთვე, ჩვენი ჯაჭვი არის რითეილ სექტორი, სადაც საერთოდ არ არის მოხსენიებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რითეილ სექტორი, სადაც ისედაც კადრების დეფიციტის გამო, 24-საათიანი მაღაზიები უბრალოდ დაკეტეს, რადგან ღამის საათებში ვერ ამუშავებდნენ, საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვთ კადრების და არაერთ ბრენდირებულ მარკეტში შეიძლება შეხვიდეთ, სადაც ქართულ ენაზეც კი ვერ საუბრობენ, ემიგრანტები არიან დასაქმებული, ოღონდ კი კადრი ჰყავდეთ.

ასე რომ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ასეთ direct რაღაცებს არ ითვალისწინებს, შეიძლება უფრო ლმობიერით დავიწყოთ და ნელ-ნელა გადავიდეთ.

რამდენიმე ასოციაციამ წერილობით მივმართეთ, რომ იყოს 48 საათზე, რაც ჩვენთვის სავსებით საკმარისია. ამაზე ნაკლები უბრალოდ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენებს და კიდევ დამატებითი წნეხი უნდა იყოს ინფლაციაზე, ისევ უნდა ავხსნათ, რომ 8 თვეა ლარი სტაბილურია (პირობითად), ბაზარზე ფასებმა დაიკლო და აქ ფასი რატომ არ იკლებს. უნდა ახსნა ის ბევრი დეტალი, რომელიც ხილული არ არის და ძალიან რთული ასახსნელია ჩვენი მოსახლეობისთვისაც“,- განაცხადა ივა ჭყონიამ.

ნინი ქეთელაური