ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის სრულიად ახალი ეკონომიკური ურთიერთობები იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სრულიად ახალი ეკონომიკური ურთიერთობები იწყება.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში", მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელი მოეწერა ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის ,,ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის" განვითარებისათვის თანამშრომლობის შესახებ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეთანხმება, პირველ რიგში, გულისხმობს ჩვენი ქვეყნის რეგიონალურ, სავაჭრო და სატრანზიტო ჰაბად, ცენტრად ჩამოყალიბებას. კერძოდ, მოხდება საქართველოს საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

"ასევე, შეთანხმება იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ჩინური ინვესტიციების მოზიდვისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ავტომობილების სათადარიგო ნაწილების წარმოება, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება და სხვა. 2014 წელს ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები 2013 წელთან შედარებით გაორმაგდა. თებერვალში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. ეს ისტორიული ფაქტია, რადგან აქამდე არსებული საზღვაო კავშირის დამატებით ალტერნატივას წარმოადგენს. მისი მეშვეობით ტვირთი უმოკლეს დროში შეუფერხებლად იმოძრავებს ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით; უზრუნველყოფილი იქნება ასევე ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირება როგორც ევროპის, ასევე ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნების მიმართულებით. ამით საქართველო თავის ისტორიულ მისიას იბრუნებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით საქართველოს პორტების ისე, როგორც რკინიგზის ტვირთბრუნვა, მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დაახლოებით 100-120 მილიონი დოლარის დამატებით ფულად ნაკადს უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, ოქტომბერში, თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს, რომელზეც განხილული იქნება აბრეშუმის გზის კონცეფცია, სატრანსპორტო ლოგისტიკა და ვაჭრობის საკითხები. პრემიერმა ისაუბრა ანაკლიის ნავსაგდურზეც და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის ნავსადგურს ექნება ბევრი უპირატესობა.