შვედეთში იშვიათი ლითონის უმსხვილესი საბადო აღმოაჩინეს

შვედეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კირუნის მიმდებარედ იშვიათი ლითონის უმსხვილესი საბადო აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ყველაზე დიდია ევროპაში. ინფორმაციას ადგილობრივი SVT ავრცელებს.

სამთო კომპანია LKAB-ში აცხადებენ, რომ საბადო მის ერთ-ერთ მოქმედ მაღაროსთან იპოვეს, რამაც შესაძლოა, მილიონი ტონა ნედლეული შეადგინოს. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ იან მოსტრიომის შეფასებით, ეს არის მსოფლიოს ამ ნაწილში იშვიათი ლითონის ყველაზე დიდი საბადო, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ნედლეულის მოპოვებას.

„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ე.წ. მწვანე ალტერნატივისთვისაც, რადგან არსებობს მიწოდების პრობლემები, ხოლო სამთო მოპოვების გარეშე თუნდაც ახალი ელექტრომობილების დამზადება შეუძლებელია,“- აცხადებს მოსტრიომი.

მისი თქმით, ეს ნედლეული, ასევე, ქარის ელექტროსადგურების კომპონენტებისთვისაც აუცილებელია.

შვედეთის ბიზნესისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ება ბუშმა განაცხადა, რომ ახალი საბადო გადამწყვეტ როლს ითამაშებს ევროპის „მწვანე გადასვლისთვის.“

„ეს ევროპისთვის მეტად დიდი პოტენციალია, რომ „მწვანე გადასვლის“ ლიდერი გახდეს. ჩვენ შევძლებთ, შევამციროთ ემისიები და გავზარდოთ კონკურენცია,“ - აცხადებს მინისტრი.

ევროპაში ელექტრომობილებისა და ქარის ტურბინების დასამზადებელი ლითონი ჩინეთიდან შედის. SVT-ის შეფასებით, არსებობს რისკი, რომ გარკვეულ ეტაპზე ჩინეთმა, ეკონომიკური ან პოლიტიკური მიზეზების გამო, ნედლეულის მიწოდება შეწყვიტოს და ევროპას მხოლოდ მზა პროდუქცია შესთავაზოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ