ვის აღარ ეხება 40 საათიანი სამუშაო კვირა - მთავრობამ ბიზნესის ნაწილს სამუშაო გრაფიკი შეუცვალა

გასული წლის მიწურულს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებული ჩამონათვალი დაამტკიცა. შედეგად, შემცირდა იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, სადაც სამუშაო საათები კვირაში 48 საათს შეადგენდა.

მაგალითისთვის, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ვაჭრობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის, ასევე ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება. შესაბამისად, იმ დარგებში რომელიც ამ ჩამონათვალში აღარ არის, სამუშაო საათები კვირაში 40 საათს უნდა შეადგენდეს.

მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგებია:

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის (სექცია A) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია 03.11.0 ქვეკლასში − საზღვაო თევზჭერა;
  • დამამუშავებელი წარმოების (სექცია C) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 10 − კვების პროდუქტების წარმოება;
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (სექცია D);
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები (სექცია E);
  • ტრანსპორტი და დასაწყობება (სექცია H);
  • ინფორმაცია და კომუნიკაციის (სექცია J) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 61 − ტელეკომუნიკაციები;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების (სექცია N) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 80 − უსაფრთხოების დაცვისა და საგამომძიებლო საქმიანობები და ქვეკლასში 82.20.0 − სატელეფონო ცენტრების მომსახურება;
  • სახელმწიფო მმართველობის ის მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია შემდეგ კლასებსა და ქვეკლასებში (სექცია O): ქვეკლასი 84.11.2 − დაბეგვრის სისტემების მართვა, საქონელზე გადასახადების/ბაჟის შეგროვება და საგადასახადო დარღვევების გამოძიება, საბაჟოს მართვა; ქვეკლასი 84.12.0 − ჯანდაცვის, განათლების, კულტურული მომსახურებისა და სხვა სოციალური მომსახურების საქმიანობის რეგულირება, სოციალური უსაფრთხოების გარდა; ქვეკლასი 84.23.0 − ციხეების ადმინისტრირება და გამოსასწორებელი მომსახურების გაწევა, სარეაბილიტაციო მომსახურების ჩათვლით; ქვეკლასი 84.25.0 − სახანძრო მომსახურების საქმიანობები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გარდა; ქვეკლასი 84.30.0 − სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების საქმიანობები;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (სექცია Q).

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს ასევე მიეკუთვნება:

  • ელექტროენერგიის წარმოების, განაწილებისა და გადაცემის საქმიანობა, ბუნებრივი გაზის განაწილება და გადაცემის საქმიანობა;
  • საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარდგენას;
  • გარემოს დაცვის დარგი, რომელიც მოიცავს: ჰიდრომეტეოროლოგიას; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვას; დაცული ტერიტორიების დაცვას; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში კონტროლის განხორციელებას.

ცნობისთვის, საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში კი, სადაც წარმოების/სამუშაო პროცესის 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტი რეჟიმია, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.

თაია არდოტელი