რუსეთის ომის კიდევ ერთი ეფექტი - ყაზახეთში ინფლაცია 25-წლიან მაქსიმუმზეა

ყაზახეთი რუსეთის უკრაინაში ომით გამოწვეულ მაღალ ინფლაციას ებრძვის. კონფლიქტის გაჭიანურებასთან ერთად სულ უფრო იმატებს ეკონომიკური არეულობა როგორც რეგიონში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინფორმაციას გამოცემა Euarasianet ავრცელებს.

ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულიბიუროს თანახმად, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 20%-ს მიაღწია. უშუალოდ საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია კი უფრო მეტს, 25%-საც გაუტოლდა.

როგორც მსოფლიო ბანკის მონაცემები აჩვენებს, ყაზახეთში ინფლაციის დონე 20%-ზე მაღალი ბოლოს 1996 წელს იყო, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შედეგად ფასების ზრდის წლიურმა მაჩვენებელმა 39.2%-ს მიაღწია.

ეს კი შემაშფოთებელია მთავრობისთვის, რომელიც თავს არიდებს მოსახლეობის ნებისმიერი ტიპის ღელვას გასული წლის სისხლიანი იანვრის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტს გადადგომა მოუწია. 2022 წლის დასაწყისში სწორედ სიღარიბე და ცხოვრების დაბალი სტანდარტები იყო ის ფაქტორები, რამაც ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოიყვანა.

ინფლაცია იზრდება მიუხედავად საპროცენტო განაკვეთების 6-ჯერ გაზრდისა მთელი წლის განმავლობაში. დეკემბერში ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა საბაზო განაკვეთი 16.75%-მდე გაზარდა, რაც 6 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულია.

ეროვნული ბანკის თავმჯდომარის, გალიმჟან პრიმატოვის თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კიდევ უფრო შეზღუდავს ისედაც სუსტ ბიზნეს აქტივობას, თუმცა ახლა მთავარი მიზანი ფასების ზრდის შეჩერებაა.

ინფლაციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები ომითაა გამოწვეული: მიწოდების ჯაჭვების წყვეტა, წარმოების ხარჯების მატება, მიგრაციული შოკი და სამომხმარებლო ფასების ზრდა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მობილიზაციას გამოქცეული რუსების მთავარი თავშესაფარი სწორედ მეზობელი ყაზახეთია. მიგრანტების შესვლამ უძრავი ქონების ქირაობის ფასები ყაზახეთშიც მკვეთრად გაზარდა. მოიმატა მოთხოვნამ პროდუქტსა და სერვისებზეც, რამაც ინფლაციაზე წნეხი გააძლიერა.

გასულ წელს ყაზახეთში რაფინირებული შაქარი 92.7%-ით, კიტრი 35.6%-ით, პამიდორი 14.6%-ით გაძვირდა. არასაკვებ პროდუქციაზე ფასებმა 19.4%-ით, სერვისებზე კი 14.1%-ით მოიმატა.

ეს მეტად მაღალი მაჩვენებელია იმ პირობებშიც კი, როცა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანა განიცდის საკუთარ თავზე რუსეთის აგრესიის შედეგებსა და ინფლაციურ წნეხს. შედარებისთვის, გასულ წელს უზბეკეთის ინფლაციამ 12.3% შეადგინა.

უნდა ითქვას, რომ ყაზახეთის ეკონომიკა ინფლაციის მიმართ შედარებით არამდგრადია და მისი ვალუტის რყევები უფრო მეტადაა დაკავშირებული რუსეთთან, რადგან ქვეყანა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე.

„რუსული რუბლის მკვეთრმა გამყარებამ გაზარდა ფასები რუსულ პროდუქციაზე, რომელსაც ყაზახეთის იმპორტში 40%-იანი წილი აქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა ოქტომბერში.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლების თქმით, საპროცენტო განაკვეთების ზრდის ეფექტების ეკონომიკაზე გავრცელებას დრო დასჭირდება, თუმცა იმედოვნებენ, რომ ამით ინფლაციის მოთოკვა იქნება შესაძლებელი მიმდინარე წელს. ბანკის მიზანი ინფლაციის 7.5-9.5 პროცენტის ფარგლებში დაწევაა.

კახი ჩაკვეტაძე