„2022 წელს სომხეთმა იმაზე მეტი ელექტროენერგია გაყიდა საქართველოში, ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში“ - რა მოცულობის დენს ვყიდულობთ

2022 წელს სომხეთმა იმაზე მეტი ელექტროენერგია გაყიდა საქართველოში, ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში - ამის შესახებ სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ აკოფ ვარდანიანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 2022 წელს სომხეთმა საქართველოში 365 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა, მაშინ, როდესაც 2012-დან 2021 წლამდე ეს მაჩვენებელი 242 მლნ კვტ/სთ იყო.

2022 წლის სრული მაჩვენებელი საქართველოს სტატისტიკის სამსახურს ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა იანვარ-ნოემბრის მონაცემებითაც ჩანს, რომ სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. კერძოდ, წინა წელს საქართველომ სომხეთში 20,236 მლნ დოლარის ელექტროენერგია იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 20 დოლარის. 2022 წლამდე კი ყველაზე დიდი მოცულობის შესყიდვა 2017 წელს მოხდა, როდესაც 6,124 მლნ დოლარის დენი შეიძინა ქვეყანამ სომხეთში.

მთლიანად კი, 2022 წლის 11 თვეში საქართველომ 40,922 მლნ აშშ დოლარის ელექტროენერგია შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 41,482 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, საქართველომ გასულ წელს ელექტროენერგია ყველაზე დიდი რაოდენობით შეიძინა რუსეთში - 21,007 მლნ აშშ დოლარი, რომელსაც მოსდევს სომხეთი - 10,236 მლნ აშშ დოლარი და აზერბაიჯანი - 9,679 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება 2021 წლის 11 თვის მონაცემებს, პირველ ადგილზე იყო აზერბაიჯანი - 24,596 მლნ აშშ დოლარი, შემდეგ რუსეთი - 9,852 მლნ აშშ დოლარი, რომელსაც მოსდევდა თურქეთი - 7,033 მლნ აშშ დოლარი და სომხეთი, საიდანაც მხოლოდ ნოემბერში 20 დოლარის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.

ნინი ქეთელაური