„თუ მივადექით და ეს ბუნებრივი რესურსი გამოვწურეთ, შავ ზღვაში  ქაფშია კი არა, ზუთხი და ორაგული არის უკვე მოწყვლადი“

„თუ მივადექით და ეს ბუნებრივი რესურსი გამოვწურეთ, შავ ზღვაში ქაფშია კი არა, ზუთხი და ორაგული არის უკვე მოწყვლადი და თითქმის აღარ არის“, - ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, აფხაზები და რუსები შავ ზღვაში ქაფშიას მოპოვებაზე ერთობლივ რეგულაციებს აწესებენ. მეთევზეობის რუსულ-აფხაზური კომისიის განცხადებით, აფხაზეთის სანაპიროზე ქაფშიას რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.

როგორც თემურ ტყემალაძე ამბობს, კონკრეტულად ქაფშიას რეგულარულად იპოვებდნენ და ეს მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ თუ ეს სადმე გადაჭარბებულად ხდება უნდა შეიზღუდოს.

„ზოგადად, რეგულირება, არა მხოლოდ ამ სახეობაზე, არამედ, საერთოდ ყველაფრისთვის კარგია, სისტემა უნდა დალაგდეს, ბუნების უსისტემო მართვა არის კატასტროფა, შეიძლება, ამან სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. ქაფშიაც და ნებისმიერი ჩვენი მდინარის თევზი, საკონტროლოა. აქ წარმოებები არ არის, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ხდება წარმოება, შევსება იხტიოფაუნის თუ ფაუნის და კონტროლი. ჩვენი ზღვა კი არა, წყალსაცავებია დაუცველი და ცუდ მდგომარეობაში. არადა, შეგვიძლია იყოს მოწესრიგებული და ეკონომიკურადაც კარგ შედეგზე გავდიოდეთ.

შეიძლება კანონი არის, მაგრამ ამ კანონს უნდა აღსრულება. ჩვენ ამ ნაწილში მოვიკოჭლებთ.

თუ გვინდა, რომ კიდევ გაიზარდოს ექსპორტი, უნდა ვაწარმოოთ, მოვუაროთ, ხელი შევუწყოთ ბუნებას და მოვიპოვოთ მეტი. ეს არის ანბანი. თუ მივადექით და ეს ბუნებრივი რესურსი გამოვწურეთ (რაც ულევი რა თქმა უნდა, არ არის), შავ ზღვაში ქაფშია კი არა, ზუთხი და ორაგული არის უკვე მოწყვლადი და თითქმის აღარ არის. მაშინ, როდესაც ამაზე დიდი ღირებული, არაფერია. მდინარეებია დაბინძურებული, ხდება სამშენებლო ქვა-ღორღის უსისტემო მოპოვება, და არ ითვალისწინებენ იმ ფაქტორებს, რომ მათ სჭირდება თავისი სათოფე ადგილი და ა.შ. ისევ და ისევ, სისტემა უნდა მუშაობდეს, თორემ ბუნება გვაქვს იდეალური და თევზის წარმოების მიმართულებით დიდი პოტენციალი“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.

ნინი ქეთელაური