მარნეულის მერიამ ნარჩენების შემკრები ახალი ურნები შეიძინა

მარნეულის მუნიციპალიტეტი აქტიურად აგრძელებს ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროგრამას. აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება რიგი ღონისძიებების გატარება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, 2022 წლის ბოლოს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 829 ურნა შეიძინა, რომელიც 2023 წლის დასაწყისში განთავსდება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში.

„მოხდება როგორც დაზიანებული ურნების ჩანაცვლება, ისე ახალი ლოკაციების ათვისება. 1100 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერის შესყიდვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს ახალი ნაგავმზიდი მანქანის შეძენას, რომელიც მუნიციპალიტეტში გააუმჯობესებს აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობას და ნარჩენების მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.