სოსო გიორგაძე USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორსა და USAID საქართველოს ეკონომიკური პროგრამების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, მოადგილეებთან, ნინო ჩიქოვანთან და მანანა ფრუიძესთან ერთად, USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორ მარიკა ოლსონს, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მმართველობის პროგრამების ხელმძღვანელებს, მარკ მაკკორდისა და ნატალია ბერუაშვილს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქპატენტისა და USAID-ის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ იმსჯელეს, ასევე 2023 წლის გეგმები განიხილეს.

„ყურადღება ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესებასა და ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საკითხზე გამახვილდა. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი შემუშავდა, რომელიც ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ახალი ე.წ. „შეტყობინება-აღების“ მექანიზმის დასანერგად.

კიდევ ერთი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტია „ახალგაზრდებში ცნობიერების დონის ამაღლება, შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში მაღალანაზრაურებადი პროფესიებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ“, რომლის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო სესიები გაიმართა. სესიებში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს 25 სკოლიდან, მათ შორის აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები იყვნენ. აღნიშნული პროექტი 2023 წელსაც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებს დაეთმო. ამ მიზნით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით განხორციელდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა - „შემოქმედებითი ინდუსტრიების შეფასება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ საქართველოში“, რომელიც ერთობლივად ორგანიზებული საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის შეხვედრის ფორმატში იყო წარმოდგენილი. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობაში, კერძო სექტორსა და უფლებების მფლობელებში კოლექტიური მართვის ორგანიზაციების საქმიანობის არსისა და ფუნქციების შესახებ ცნობიერება დაბალია. ხარვეზები მათი საქმიანობის გამჭვირვალობის ფუნდამენტური კრიტერიუმების კუთხით შეინიშნება. კერძოდ, ბუნდოვანია ჰონორარის შეგროვების, განაწილებისა და სიხშირის პროცესი.

თავის მხრივ, სოსო გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს დაუდასტურა, რომ საქპატენტისათვის პრიორიტეტად რჩება საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის საკითხი. აღსანიშნავია, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადების მიზნით, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), USAID-ის, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და საქპატენტის ერთობლივი აქტივობის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა, სადაც მხარეები საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს განიხილავენ.

გარდა ამისა, საქპატენტმა უკვე კოლექტიური მართვის ორგანიზაციას საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას დაგეგმილი აუდიტორული შემოწმების თაობაზე აცნობა. აუდიტის მიზანი ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის სფეროში, მათ შორის ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების პროცესებში არსებული ხარვეზების, ასევე სხვა გამოწვევების იდენტიფიცირებაა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.