„გასტრონომიული ტურიზმი საქართველოში იაფი ნამდვილად არ არის“ - რომელი ქვეყნის წარმომადგენლები ინტერესდებიან ქართული გასტრო-ტურებით

“2020 წლის, ანუ პანდემიის შემდეგ, გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებთ ინტერესი მთელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის, საქართველოშიც, რადგან ამ მხრივ აქ დიდი პოტენციალია“, - საქართველოში ამ მიმართულების განვითარების შესახებ გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის ეს სფერო პრიორიტეტშია და იმ შემთხვევაში, თუ ჩართულობა გაიზრდება, ეს ყველაფერი კარგ შედეგს მოიტანს.

ქეთი კვიჭიძემ აღნიშნა, რომ ქართული გასტრო-ტურებით ამ ეტაპზე ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები ინტერესდებიან, რადგან ამ მხრივ საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში არც ისე მაღალია. „ძალიან დიდი ინტერესი იყო წელს გერმანიიდან, შესაბამისად, ბევრი სტუმარიც გვყავდა, ასევე პოლონეთიდან. ამერიკიდან იყო ასევე ინტერესი, მაგრამ ომმა შეგვიშალა ხელი - იყო რამდენიმე გასტრო-ტური დაგეგმილი ამერიკელებისთვის, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით გადაიდო. ასევე იაპონიიდან გამოხატავენ დიდ სურვილს, რადგან მათ ტრადიციები, ლეგენდები, ისტორიები აინტერესებთ, ზოგადად“, - განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.

გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა ამ მომსახურების ფინანსურ მხარეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში გასტრო-ტურები საკმაოდ ძვირი მომსახურებაა. „ზოგადად, გასტრონომიული ტურიზმი საქართველოში იაფი ნამდვილად არ არის, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მას ნორმალური ფასი აქვს და ტურისტებში ამ მხრივ პრობლემა ჯერ არ გვქონია“.

მისი თქმით, ტურისტებს აქვთ ფავორიტი საჭმლები, რომლის მომზადებაშიც ყველაზე დიდ ინტერესს იჩენენ: „ ეს არის ხინკალი, რომელიც უპირობოდ ლიდერობს. ასევე ნიგვზიანი ბადრიჯანი და აჭარული ხაჭაპური. შემდეგ მოდის შქმერული და ა.შ.“ - განუცხადა ქეთი კვიჭიძემ „ბიზნესპრესნიუსს“.

ეკა დარჩიაშვილი