რა დაუჯდა სახელმწიფოს საარბიტრაჟო დავებზე იურიდიული მომსახურება

2020 წლიდან მოყოლებული სახელმწიფოს საარბიტრაჟო დავებზე იურიდიული მომსახურება ჯამში, 136 697 140 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის ლევან ბეჟაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კერძოდ, წერილის თანახმად, 2020 წელს საარბიტრაჟო დავებზე იურიდიული მომსახურებისთვის გაწეულმა ხარჯებმა - 38 028 701 ლარი შეადგინა, 2021 წელს - 71 743 784 ლარი, ხოლო 2022 წელს (იანვრიდან - 17 ნოემბრის პერიოდში) 26 924 654 ლარი იყო.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს).

თაია არდოტელი