„პარტია ანა დოლიძე ხალხისთვის“ თბილისის მერიას ლიფტების მოგვარებისა და პასუხისმგებლიანი რეაბილიტაციის შესახებ გეგმას სთავაზობს

„პარტია ანა დოლიძე ხალხისთვის“ თბილისის მერიას ლიფტების მოგვარებისა და პასუხისმგებლიანი რეაბილიტაციის შესახებ გეგმას სთავაზობს.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქალაქ თბილისის მერიამ უნდა შეიმუშაოს სისტემა, რომლის მიხედვითაც კერძო-საჯარო პარტნიორობის საფუძველზე შემოიყვანს ინვესტორს, რომელიც ლიფტების რეაბილიტაციის სანაცვლოდ მართვასა და სარგებლობაში გადაიბარებს მათ.

„უპირველეს ყოვლისა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა მოახდინოს ლიფტების მდგომარეობის შესწავლა მთელი ქალაქის მასშტაბით და განსაზღვროს რომელი ლიფტის მდგომარეობა არის ვარგისი და რომლის გამოყენება დაუშვებელი. უნდა შეიქმნას სრულყოფილი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც თბილისში არსებული ლიფტების მდგომარეობის შესახებ რაიონების მიხედვით განთავსდება ინფორმაცია. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შეამოწმოს რეალურად როდის განხორციელდა მათ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ლიფტის ინსპექტირება/შემოწმება.

ქალაქ თბილისის მერიამ უნდა შეიმუშაოს სისტემა, რომლის მიხედვითაც კერძო-საჯარო პარტნიორობის საფუძველზე შემოიყვანს ინვესტორს, რომელიც ლიფტების რეაბილიტაციის სანაცვლოდ მართვასა და სარგებლობაში გადაიბარებს მათ“, - აღნიშნავს, პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის " საკრებულოს წევრი ნინო წულაძე.