ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოში ბიზნესმენებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას განაგრძობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოს ეწვევა და ბიზნესმენებს შეხვდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიური პოტენციალის პრეზენტაცია 14:00 საათზე ანაკლიაში გაიმართება. სამეგრელოში სტუმრობისას, პრემიერ-მინისტრი ხობში თხილის საწარმოს დაათვალიერებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის რეგიონულ ოფისს გახსნის.

რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია ერთი კვირის წინ სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო. "საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.