ირაკლი ღარიბაშვილი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰანი ვეისს შეხვდა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში ჰოლდინგის პორტფელის გაზრდა და არსებული ინვესტიციების დივერსიფიკაცია.

შეხვედრაზე სასტუმროებისა და უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, Majid Al Futtaim Group-ი საქართველოში წარმატებით ოპერირებს და არსებული პორტფელის გაზრდის შემთხვევაში, ჰოლდინგს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ექნება.

Majid Al Futtaim-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰოლდინგია, რომელიც ფლობს და მართავს სავაჭრო ცენტრებსა და დასასვენებელ ობიექტებს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 17 ქვეყანაში. ჰოლდინგში 43 000 ადამიანია დასაქმებული. მისი შემოსავალი კი, 8.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოში Majid Al Futtaim-ი ჰიპერმარკეტ “კარფურის” მფლობელია.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.