უკრაინის რკინიგზამ მოლდოვას შემდეგ სამგზავრო რეისები რუმინეთთანაც აღადგინა

პირველი სამგზავრო მატარებლები რახოვი-დელოვოე-ვალეა-ვიშეულუის მონაკვეთზე, რომელიც უკრაინას რუმინეთთან აკავშირებს, ხვალიდან, 18 იანვრიდან იმოძრავებენ. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

რეისები რახოვიდან ყოველდღიურად, უკრაინის დროით 06:10 და 14:10 საათზე გავლენ და ვალეაში 07:45 სთ-ზე, ხოლო ვიშეულუიში 15:45 საათზე ჩავლენ. ვალეა-ვიშეულუიდან მატარებლები უკან 11:45 და 18:15 საათზე გამოვლენ და რახოვში 12:20 და 18:50 საათზე იქნებიან.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო შენიშნავს, რომ რეისების გამგზავრება-დაბრუნების განრიგი რუმინეთის რკინიგზის მატარებლების განრიგს არის მორგებული. ამრიგად, ვალეა-ვიშეულუის სადგურებიდან მგზავრები ბუქარესტისა და კლუჟის სადგურებამდე მიმავალ რეისებზე გადასხდომას შეძლებენ.

რუმინეთთან სარკინიგზო კავშირის აღსადგენად „უკრზალიზნიცამ,“ ანუ უკრაინის რკინიგზამ 2022 წელს რახოვი-დელოვოე-ვალეა-ვიშეულუის მონაკვეთზე 19,2-კილომეტრიანი ლიანდაგი და 12 ხიდი შეაკეთა, ასევე, რახოვის სადგური აღადგინა. ამასთან, რუმინეთი-ტერესვა-სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის შეკეთება დასრულდა, რომელიც 2007 წლიდან არ ფუნქციონირებდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეფასებით, ამ პროექტების დასრულებით უკრაინასა და რუმინეთს შორის მთავარი სარკინიგზო მარშრუტები რეალურად ხელახლა იხსნება, რადგან ამჟამად იქ მხოლოდ ორი, კერძოდ, ვადულ-სირეტ-დორნეშტისა და დიაკოვო-ხალმეუს საერთაშორისო მონაკვეთები მოქმედებს, რომლის მეშვეობით მხოლოდ სატვირთო მიმოსვლა ხორციელდება.

გასულ წელს უკრაინამ და მოლდოვამ, 24-წლიანი შესვენების შემდეგ, კიევი-კიშინიოვის მარშრუტზე სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღადგინეს. მატარებელი კიევიდან ყოველ მეორე დღეს გადის. ის შვიდი ვაგონისგან შედგება, რომელთაგან ხუთი კუპეა, ორი კი ე.წ. პლაცკარტი. ერთი მიმართულებით მგზავრობის დრო, დაახლოებით, 13 საათია. კიევი-კიშინიოვის აღდგენილ მარშრუტზე სარკინიგზო შემადგენოლობა სახელწოდებით, „გამარჯვების მატარებელი“ კურსირებს, რომლის შვიდი ვაგონიდან თითოეული უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ეძღვნება. მანამდე „გამარჯვების მატარებელი" უკრაინის რეგიონებში, უჟგოროდიდან ხარკოვამდე და კიევიდან ოდესამდე მოძრაობდა. ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სპეციალური ბრიფინგის ადგილიც გახდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ