„რუსებს საქართველოში შემოსავალი არ მიუღიათ, ე.ი. ქონების გადასახადსაც არ იხდიან... თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ფულს ათეთრებენ“

„რუსებს საქართველოში შემოსავალი არ მიუღიათ, ე.ი. ქონების გადასახადსაც არ იხდიან, ანუ ეს უზარმაზარი უძრავი ქონება ამოვარდნილია საგადასახადო სფეროდან. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ფულს ათეთრებენ,“ - წერს გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინდელი სტატისტიკა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ აქტივობასთან დაკავშირებით უამრავ რისკს შეიცავს. ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, ვრცელი საუბრის თემაა.

მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამ:

ჩვენ ქონების გადასახადს ვიხდით წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით. რადგან ამ რუსებს საქართველოში შემოსავალი არ მიუღიათ, ე.ი. ქონების გადასახადსაც არ იხდიან, ანუ ეს უზარმაზარი უძრავი ქონება ამოვარდნილია საგადასახადო სფეროდან. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ფულს ათეთრებენ.

შეგახსენებთ, რომ ავტო-დაზღვევებზეც არაფერს არ იხდიან. ანუ, უფროსი ძმები არიან და ეკუთვნით, ალბათ,“- წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 15 164 შენობა-ნაგებობაზე, რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, საიდანაც 13 262 საცხოვრებელ ბინას წარმოადგენს. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ შესაბამის საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, ამავე პერიოდში, საქართველოში 13 850 მიწის ნაკვეთზე რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.