„შეიძლება ბევრ ბიზნესმენს ერჩივნოს, რომ საერთოდ ხელფასსაც არ იხდიდეს“ - „ავტომობილებში თუ ეჯიბრებიან წარმატებული ქვეყნის ბიზნესმენებს, მაშინ დასაქმებულის შემოსავალშიც შეეჯიბრონ“

„შეიძლება ბევრ ბიზნესმენს ერჩივნოს, რომ საერთოდ ხელფასსაც არ იხდიდეს და ჩვენ, ადამიანები იმიტომ ვიბადებოდეთ, რომ მათ ბიზნესს ვემსახუროთ. მაშინ უფრო მომგებიანი და კარგი იქნება ბიზნესმენის შემოსავალი, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ინტერესი, მოქალაქე და მისი უფლებები“,- ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანისუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

საუბარია რეგულაციაზე, რომელიც უკვე ამოქმედდა და კვირაში 48-საათიანი სამუშაო გრაფიკის 40 საათამდე შემცირებას გულისხმობს. ყოველი მომდევნო სამუშაო საათი კი, „ოვერთაიმად“ ითვლება და დამატებით ანაზღაურებას ითვალისწინებს.

„შეიძლება ბევრ ბიზნესმენს ერჩივნოს, რომ საერთოდ ხელფასსაც არ იხდიდეს და ჩვენ, ადამიანები იმიტომ ვიბადებოდეთ, რომ მათ ბიზნესს ვემსახუროთ. მაშინ უფრო მომგებიანი და კარგი იქნება ბიზნესმენის შემოსავალი, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ინტერესი, მოქალაქე და მისი უფლებები.

დრესკოდში და ავტომობილებში (ან ქონებებში) თუ ეჯიბრებიან წარმატებული ქვეყნის ბიზნესმენებს, მაშინ იმაშიც შეეჯიბრონ და განსაზღვრონ, რა არის მათი დასაქმებულის უფლებები და შემოსავალი.

ჰკითხეთ ამ ბიზნესმენებს, როგორ უნდა უშველოს სახელმწიფომ დასაქმების პრობლემას? როგორ უნდა უშველოს იმ ჩამორჩენილობას, სადაც ჯინის კოეფიციენტი (უთანასწორობის კოეფიციენტი) 0,36%-ია და ფაქტობრივად, ევროპის კონტინენტზე ბოლო ადგილზე ვართ? როგორ უნდა ვუშველოთ იმას, რომ 652 000 ადამიანს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აქვს შემოსავალი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ შემოსავლის მქონე ადამიანებში არიან დასაქმებულებიც? როგორ უნდა ვუშველოთ იმას, რომ 104 მოქალაქეს აქვს იმდენივე ხელფასი, რაც 130 000 მოქალაქეს, და, ა.შ. მე სტატისტიკის სამსახურის რიცხვებს გეუბნებით და ეს ჩამონათვალი ყურში კიდევ უფრო ცუდად მოსახვედრია, თუ პროფკავშირების რიცხვებსაც ჩავუღრმავდებით და დეტალებში დავუღეჭავთ მოსახლეობას, რასთან გვაქვს საქმე.

დოვლათი, რომელიც იქმნება, სამართლიანად უნდა ნაწილდებოდეს და ეს ჩამონათვალი, სადაც 48 საათიდან 40 საათზე ჩამოყვანაზეა საუბარი, ერთ-ერთია ამ ინგრედიენტებს შორის და არა ერთადერთი.

ქვეყანას აღიარებული აქვს და კოდექსში უწერია, რომ სამუშაო კვირა არის 40-საათიანი, იმ დროს, როცა ბევრი ქვეყანა არა მხოლოდ საუბრობს, უკვე გადავიდა 35-საათიან და 4-დღიან სამუშაო კვირაზე“,- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ნინი ქეთელაური