ქართული ღვინის ინდუსტრია ახალი ბაზრების მოსაპოვებლად იბრძვის

რომელი ღვინო უნდა გახდეს ჩვენი სავიზიტო ბარათი მთელ მსოფლიოში?

2014 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა რუსეთში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა ყველასათვის კარგად ცნობილი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გამო,  ბოლო თვეების განმავლობაში ექსპორტი საგრძნობლად შეფერხდა და ეს მოხდა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ უკრაინაშიც. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 558 631 ბოთლი ღვინო. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასეთია: რუსეთი - 641 111 ბოთლი, ყაზახეთი - 269 760 ბოთლი, უკრაინა- 152 844 ბოთლი, ჩინეთი - 139 040 ბოთლი, პოლონეთი- 126 462 ბოთლი. სულ იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 22 ქვეყანაში მთლიანად ექსპორტირებულია 2 901 649 ბოთლი ღვინო. ამ მონაცემების მიხედვით, ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, კერძოდ, რუსეთში ექსპორტი 85%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინაში - 66%-ით. სამაგიეროდ, მატება შეინიშნება სტრატეგიული თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე როგორიცაა ჩინეთი (64%), იაპონია (39%), ესტონეთი (9%), კანადა და ა.შ...

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ 2015 წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს. კლება არის მხოლოდ 2014 წელთან შედარებით, რაც განპირობებული იყო რუსეთის ბაზარზე ღვინის გატანის პიკური მაჩვენებლით.

ციცია მამულაშვილი - ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი:

- მართალია, ექსპორტი შემცირებულია, მაგრამ ძირითადი სურათი მაშინ გვექნება, როდესაც 6 თვე მაინც გავა. მეწარმეები აცხადებენ, რომ რუსეთში გადაზიდვები აპრილიდან განახლდება, ვინაიდან რუბლის რყევის პროცესი იქ უკვე მეტნაკლებად დარეგულირდა. თანაც, ღვინის ეროვნული სააგენტო განუწყვეტლივ ზრუნავს ბაზრების დივერსიფიკაციაზე: ახლაც, ჩვენი ხელმძღვანელი, გიორგი სამანიშვილი, ჩინეთში იმყოფება, სადაც დიდი გამოფენა იმართება. გარდა ჩინეთისა, ვმუშაობთ პოლონეთის, ბალტიისპირეთისა და ამერიკის ბიზნესწრეებთან, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ისეთ სარისკო ბაზარზე, როგორიც რუსეთია. რასაკვირველია, ჩვენ უარს არ ვამბობთ რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე იმიტომ, რომ ისინი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც ვაპირებთ მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებას: ჩინეთი, კორეა, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა - ამ ბაზრებზე საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია ითვალისწინებს, რომ სარისკო ბაზრები რაღაცით მაინც დაბალანსდეს. 2014 წელს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის მატება იმანაც განაპირობა, რომ იქ მარაგების შევსება დაიწყო. იქ რამდენიმე წლის დეფიციტი შეივსო და რეალიზაციის მაჩვენებელმაც კლება დაიწყო, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ბუმი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, მაგრამ ამ პროცესს პოლიტიკურმა ფაქტორებმა და რუბლის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი.

კომპანია "თბილღვინოს" გენერალური დირექტორი ზურაბ მარგველაშვილიც აღიარებს, რომ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი შემცირდა, თუმცა სიტუაციის გამოსწორების იმედს არ კარგავს:

- იანვარი, თებერვალი და მარტი რუსეთსა და უკრაინაში ძალიან დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩეოდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ ქვეყნებში ნაკლები პროდუქცია გვაქვს გადატვირთული. ამ თვეებში ჩვენს კომპანიაში 20-25%-იანი შემცირება აღინიშნა, მაგრამ ვიდრე რუსეთის ბაზარი გაიხსნებოდა, 30-მდე ქვეყანაში ვაწარმოებდით ექსპორტს. ჩვენც, სწორედ ამ ქვეყნებში გვინდა პოზიციების გამყარება - პირველ რიგში, ეს არის ბალტიის ქვეყნები, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, ჩინეთი და სხვა ქვეყნები. დიდი სურვილი გვაქვს ამ ბაზრებზე ჩვენი პოზიციები უფრო მყარი გახდეს იმიტომ, რომ იქ გაცილებით სტაბილური სიტუაციაა, ვიდრე რუსეთის ბაზარზე. გასულ წელს ჩვენი ღვინო ისეთ ეგზოტიკური ქვეყნებშიც კი გადავტვირთეთ, როგორიც არის ავსტრალია, პანამა და კუბა.

მიუხედავად ყველაფრისა, ზურაბ მარგველაშვილი აღიარებს, რომ ეს არ არის ისეთი ბაზრები, რომლითაც რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება შეიძლება: "მართალია, რუსეთში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შემცირებულია, არის ინფლაციის პრობლემაც, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ და გაყიდვების ნახევარი მაინც შევინარჩუნოთ, რაც შარშან გვქონდა. ამავე დროს, ეს არ უნდა იყოს ბაზარი, რომელზეც მთლიანად ვიქნებით დამოკიდებული. სამწუხაროა, მაგრამ წელს სტაბილური რეალიზაცია რუსეთსა და უკრაინაში მოსალოდნელი არ არის, ამიტომ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობები გაიზარდოს".

ამ თვალსაზრისს ეთანხმება კორპორაცია "ქართული ღვინის" გენერალური დირექტორი მიხეილ ხუნდაძეც:

- ჩვენი კორპორაცია ძირითადად ქართული ღვინის ექსპორტზე მუშაობს და რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი ამოცანაა ყველანაირად გავაფართოოთ საექსპორტო ბაზრების არეალი. ამ მხრივ პოსტსაბჭოთა სივრცეში უაღრესად საინტერესო ქვეყნებია ყაზახეთი და ბელორუსი, ხოლო ევროპაში - პოლონეთი და გერმანია, ჯერ კიდევ აუთვისებელ და საინტერესო ბაზრად რჩება ჩინეთი, სადაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა ღვინის მოხმარება, თანაც იქ ამ დარგს სახელმწიფოც ხელს უწყობს, რადგან დაბალალკოჰოლიან სასმელებზე გადასახადები უფრო მცირეა, ვიდრე სპირტიან სასმელებზე. ქართული ღვინის სარეალიზაციოდ ძალიან საინტერესო ქვეყნებია კორეა და იაპონიაც. საკმაოდ დიდი და პერსპექტიული ბაზარია ინდოეთშიც, თუმცა მაღალი გადასახადების გამო ამ ქვეყანაში შესვლა საკმაოდ რთული და პრობლემურია. ეს ქართული ღვინისათვის ძალზე პერსპექტიული და სერიოზული ბაზრებია.

bpn.ge-ს შეკითხვას, რამდენად რეალურია, რომ ქართულმა ღვინომ ევროპისა და აზიის ბაზრებზე თავი დაიმკვიდროს, სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ - შალვა ხეცურიანმა უპასუხა:

- ჩვენ ღვინის 6 ძირითადი სტილი გვაქვს და თითოეული მათგანი ძალიან პერსპექტიული და საინტერესოა ექსპორტის თვალსაზრისით: იქნება, ეს შუშხუნა და ცქრიალა ღვინოები, თეთრი ღვინოები, როგორიცაა კრახუნა, ცოლიკაური, წინანდალი, კახური მწვანე თუ გორული მწვანე... ექვსივე ჯგუფი საინტერესოა იმ ბაზრებისათვის, სადაც ამგვარ ღვინოებს აფასებენ. თუმცა, გვაქვს ისეთი ღვინოებიც, რომლებიც ჩვენი ექსკლუზივია. პირველ ყოვლისა, ეს არის ქვევრის თეთრი ღვინო, რომელსაც არც ერთი სხვა ქვეყანა არ აწარმოებს და ეს შეიძლება ჩვენი ნიშური პროდუქციაც გახდეს. ასევე უაღრესად საინტერესო და გამორჩეულია ჩვენი წითელი მშრალი ღვინის ჯიშები საფერავის "თამადობით", - ეს ღვინოები ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ სეგმენტში შეიძლება გახდეს ჩვენი სავიზიტო ბარათი. საფერავი და ქვევრის თეთრი ღვინო - ეს წყვილი თავისუფლად შეიძლება გახდეს ქართული ღვინის ფლაგმანი.

შალვა ხეცურიანის თქმით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართული ღვინის ძირითადი მომხმარებელი ამ ეტაპზე მაინც რუსულენოვანი აუდიტორიაა:

- რუსეთში ჩვენ შარშან დაახლოებით 30 მილიონი ბოთლი ღვინო გავიტანეთ, ამ რაოდენობის ღვინოს ჩინეთში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში კარგა ხანს ვერ გავიტანთ. რუსეთი და უკრაინა ჩვენგან ჯამში დაახლოებით 40 მილიონ ბოთლს ითვისებდა. მოკლევადიან პერსპექტივაში გამორიცხულია ჩინეთმა რუსეთი ჩაანაცვლოს, თუმცა არ არის გამორიცხული, რამდენიმე წელიწადში იქ კარგი შედეგები მივიღოთ. მართალია, ღვინის ეროვნული სააგენტო ახალ ბაზრებზე ძალიან აქტიურობს, ღვინის კომპანიებიც ცდილობენ სხვა ქვეყნებშიც თავი დაიმკვიდრონ, მაგრამ ეს ასე ადვილად ვერ მოხერხდება: სულ ცოტა, 2-3 წელიწადია საჭირო, რომ რუსულ ბაზარს თავისი სიდიდითა და მნიშვნელობით რომელიმე სხვა ქვეყნის ბაზარი გაუტოლდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე