რეფერენტულმა საფასო პოლიტიკამ მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში წამლის ფასი 35-40%-ით უნდა შეამციროს - ასოციაცია

რეფერენტულმა საფასო პოლიტიკამ მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში წამლის ფასი 35-40%-ით უნდა შეამციროს - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მყისიერად ვერ მოხდება, თუმცა პროცესი 15 თებერვალსვე დაიწყება.

,,რეფორმის გაცხადებული მიზანია, რომ საშუალო და მოკლე ვადიან პერიოდში (საშუალო ვადა არის 2-3 წელი, მოკლე ვადა 15 თებერვლიდან) და საბოლოოდ 2030 წლამდე მედიკამენტებზე დანახარჯი 35-40%-ით უნდა შემცირდეს. ცხადია, არავის ვურჩევ, რომ 15 თებერვალს დაელოდონ და მერე იყიდონ საჭირო მედიკამენტი, რადგან თანაბრად ვერ დაიკლებს წამლებზე ფასი. ზოგზე მეტად შემცირდება, ზოგზე ნაკლებად, ზოგზე კი სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება. ამიტომ იყო დეფინიცია გამოყენებული - საშუალოდ. ვინაიდან, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი იყო ფასნამატი. თითოეულ მათგანზე სხვადასხვაა. ეს არის 1 300 დასახელების მედიკამენტი, საიდანაც აქტიურ მიმოქცევაში დაახლოებით 800 დასახელებაა. ეს არის პირველი ეტაპის დასაწყისი. ამიტომ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ გარკვეულ პოზიციებზე ფასი შემცირდება, მაგრამ ფიქრი, რომ დაველოდებით 15 თებერვალს და შემდეგ ვიყიდით წამლებს, არასწორია.

ახლა არის 2-კვირიანი პერიოდი, როცა კერძო სექტორი თანამშრომლობს სახელმწიფოსთან. ორივეს ინტერესია, რომ მედიკამენტი აფთიაქში იყოს", - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა ,,საქმეში".

ცნობისათვის, 15 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა, 15 თებერვლიდან კი, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.

თამარ მუკბანიანი