როგორ ვისარგებლოთ ციფრული მაუწყებლობით

”ჩვეულებრივი ანტენიანი ტელევიზორები უკვე ვეღარ მიიღებენ სიგნალს”

2015 წლის 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის - მომხმარებლის ინფორმირებულობა და სათანადო მომზადება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით აქტიური საინფორმაციო კამპანია ჯერ არ დაწყებულა. რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება? რა არ იცის და რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ აღნიშნული პროცესის შესახებ?

როგორც ციფრული მაუწყებლობის უზრუნველყოფისათვის ქსელის ასაგებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის ”სტერეო +”-ის წარმომადგენელი დავით ზილფინიანი ამბობს, მაყურებელმა იმისთვის, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ სატელევიზიო სიგნალი მიიღოს, მის ტელევიზორს DVD-T2 სტანდარტის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მაყურებელს ამგვარი სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს, მაშინ მას მიმღების მიერთება დასჭირდება, რომელიც სავარაუდოდ 50 ლარამდე ეღირება.

ზილფინიანის განცხადებით, მიმღების ყიდვა არ დასჭირდება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მაუწყებლობას საკაბელო, IPTV ან სატელიტური ტექნოლოგიით იღებს. სახელმწიფო 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე, დაახლოებით 220 000-დან 250 000-მდე სოციალურად დაუცველს მიმღებებს უფასოდ გადასცემს.

”პირველი სიახლე, რაც საზოგადოებამ 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ უნდა იცოდეს, არის ის, რომ სტანდარტული, ჩვეულებრივი ანტენიანი ტელევიზორები, რომლებიც არხებს იჭერს, უკვე ვეღარ მიიღებენ სიგნალს. ვისაც ტელევიზორი ახალი არ აქვს და ისევ ძველით სარგებლობენ, დაახლოებით 220 000-დან 250 000-მდე ოჯახს სახელმწიფო უფასოდ გადასცემს მიმღებს. დანარჩენს, ვისაც არც ახალი ტიპის ტელევიზორი აქვთ და არც სოციალურად დაუცველთა სტატუსით სარგებლობენ, მათ უნდა შეიძინონ მიმღები მოწყობილობა, რომელიც დაახლოებით 50 ლარიდან 140-მდე ეღირება. ერთხელ გადაიხდიან და 40-მდე ქართული არხის მიღებას უფასოდ შეძლებენ”, - აცხადებს ზილფინიანი.

ის მიიჩნევს, რომ საზოგადოების ინფორმირებას ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსთან ერთად უნდა ახდენდნენ ის სავაჭრო ცენტრები, რომლებიც მიმღები აპარატურების გაყიდვით არიან დაკავებულები. მისი თქმით, გაყიდვიდან უნდა ამოიღონ ტელევიზორები, რომლებსაც ციფრული მაუწყებლობის მიღება არ შეუძლიათ. მას მიაჩნია, რომ ტექნიკის შემომტან კომპანიებს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ, რადგანაც მყიდველს ჰგონია, რომ ტელევიზორი შეცვალა და ახალ მაუწყებლობაზე გადასვლა თავისუფლად შეუძლია. თუმცა ეს ტყუილია და მათ ინფორმირებას არავინ არ ახდენს.

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს განცხადებით, ისინი საზოგადოების ინფორმირებას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ აქტიურად ახდენენ. მათი თქმით, მომზადდა ქართული და უცხოენოვანი საინფორმაციო ფლაერები, რომელიც საზოგადოებას ერთჯერადად უკვე დაურიგდა. იგეგმება ფლაერების ხელმეორედ დარიგება მთელი საქართველოს მასშტაბით.

”მომზადდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლები, რომელიც გადის როგორც ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების, ისე ადგილობრივი ტელევიზიების ეთერში. მოეწყო ცხელი ხაზის ინფრასტრუქტურა და დღეს ის 24-საათიანი რეჟიმით ფუნქციობს. აქტიურად მუშაობს სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი და სოციალური ქსელი. მოეწყო 2-დღიანი სემინარი ჟურნალისტებისთვის, რომელიც მათი ინფორმირებულობის ამაღლებას ითვალისწინებდა. გაიმართა შეხვედრები საქართველოში ტექნიკის შემომტან კომპანიებთან. სააგენტომ ამ კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა ბაზარზე არსებული მდგომარეობა. ციფრული მაუწყებლობის სააგენტო შეხვდა მაუწყებლებს და მულტიპლექს ოპერატორებს. სააგენტოს თავმჯდომარე მათ იმ სტანდარტებსა და პრინციპებზე ესაუბრა, რომლის მიხედვით უნდა მოხდეს მათი ციფრულ ქსელში დაშვება”,- აცხადებენ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, გაციფრულებას თან ახლავს ის სარგებელი, რომ მოსახლეობისათვის, ხმისა და გამოსახულების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მათი თქმით, გაჩნდება ელექტრონული პროგრამების კატალოგი. მომხმარებელს შეეძლება დაგეგმოს ტელევიზორის ყურება და მეტი, გამოიყენოს შეხსენების რეჟიმი. ხოლო მხედველობისა და სმენის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის უზრუნველყოფილი იქნება აუდიოაღწერილობა და სუბტიტრები.

ელზა პაპოშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”