ფოთის მერი - კერძო სახლების მესაკუთრეებზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის გაცემას ვიწყებთ

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში სტიქიის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივ ღონისძიებებს ახორციელებს.

მათივე ცნობით, ქარისგან მიყენებული ზარალის შესწავლა დამთვლელმა სპეციალურმა კომისიამ უკვე დაასრულა.

,,მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ვიწყებთ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის გაცემას კერძო სახლების მესაკუთრეებზე. პარალელურ რეჟიმში, დაჩქარებული ტემპით განვახორციელებთ ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საჯარო ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით დაუყოვნებლივ განვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომ დროულად გადაიჭრას ის პრობლემები, რაც სტიქიამ ჩვენს თანამოქალაქეებს მიაყენა”, - განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ფოთში სტიქიის შედეგად 184 კერძო სახლი, 64 მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინა, 6 საჯარო სკოლის და 3 ბაღის სახურავი, 24 მინი მოედანი, სკვერები,ტროტუარები, გარე განათების ბოძები დაზიანდა.