2021 წელთან შედარებით, 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 7-მა გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი - IDFI

გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 7-მა გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი - ამის შესახებ IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა, რომლის მთავარი მიზანი საჯარო დაწესებულებების პროაქტიული ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

„2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებით, საწყის ეტაპზე ქვეყანაში დამკვიდრდა პროაქტიული გამჭვირვალობის გარკვეული სტანდარტი, რომელიც სამომავლოდ საჭიროებდა გაუმჯობესებას. კერძოდ, მთავრობის ამ დადგენილებით განსაზღვრული სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა, მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობასთან და ფინანსებთან დაკავშირებული მინიმალური ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პროაქტიული გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს.

2013 წლის შემდეგ, მიუხედავად IDFI-ს არაერთი რეკომენდაციისა, საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. წლებია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება IDFI-ს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული სტანდარტის გაუმჯობესებას და რეფორმის მეორე ტალღის განხორციელებას.

ამასთან, განვლილ წლებში IDFI-ს კვლევები ცხადჰყოფდა, რომ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფდა მთავრობის არსებული დადგენილებით დაკისრებული მინიმალური ვალდებულებების ჯეროვან შესრულებასაც კი,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

IDFI-ს ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შეფასება 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით და მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციები განვლილ წლებთან შედარებით.

ძირითადი მიგნებები:

2013 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებას, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

მონიტორინგის ობიექტი 128 საჯარო დაწესებულებიდან, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით 13-ს საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი; მათ შორის, კულტურის და სპორტის სამინისტროს.

17 საჯარო დაწესებულებას ვებ-გვერდზე არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება ან ამ განყოფილებაში არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია გამოქვეყნებული;

2022 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 60%-ია, რაც 4%-ით აღემატება 2021 წლის, ხოლო 11%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;

2022 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ 3 საჯარო დაწესებულებას (საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია;

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება აქვთ მთავრობის ადმინისტრაციას (34%), საგარეო საქმეთა სამინისტროს (35%) და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს (30%).

მთავრობის ვებ-გვერდზე სახელმწიფო შესყიდვებთან და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი კვლავ წარმოდგენილია 2014 წლის მდგომარეობით. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაცია 2014 წლიდან ფაქტობრივად არ ასრულებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის, მთავრობის დადგენილების შესრულების ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს (97%) და თავდაცვის სამინიტროს (96%);

2021 წელთან შედარებით, 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 7-მა, გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი;

2021 წელთან შედარებით, სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ-ების ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 3%-ით გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, მათ 43%-ს, სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 50%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე;

ყველაზე პრობლემური საკითხი, კვლავ ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება რჩება;

არცერთ შეფასებულ საჯარო დაწესებულებას არ ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია ღია მონაცემების (მაგ. CSV ან XML) სახით. 38 საჯარო დაწესებულებას კონკრეტული ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული ჰქონდა Excel-ის ფორმატში;

მხოლოდ 61 საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი განვლილ წლებში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის არქივი.

თაია არდოტელი