ევროკავშირის რეკომენდაციები, რომელიც არ შესრულდა - Grass-ის შუალედური ანგარიში

ორგანიზაცია „გრასის“ ორგანიზებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე ანგარიშის პრეზენტაცია და პანელური განხილვა გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ( GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი აცხადებს, თუ საქართველოს ხელისუფლება რეკომენდაციებს სრულად არ შეასრულებს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს.

„ჯერჯერობით, არ არის შესრულებული ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როცა საქმე ეხება მაგალითად, დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, უკეთესი მედიაგარემოს შექმნას და ა.შ. ჯერჯერობით ძალიან სერიოზული პრობლემებია, მაგრამ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ყველა ამ პირობის დინამიკაში ისე მოქცევაა შესაძლებელი, რომ ჯამში, ეს ყველაფერი ევროკომისიამ დადებითად შეაფასოს და კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს. ამ 12 პრიორიტეტის მიღმა, მთავარია, ქვეყანამ აჩვენოს პოლიტიკური ნება, აჩვენოს ის, რომ მას აქვს დადებითი ტრაექტორია იმისთვის, რომ ქვეყანა მიდიოდეს წინ დემოკრატიის გზაზე და არ იყოს რეგრესი. თუკი ამის ჩვენებას საქართველო შეძლებს, დამერწმუნეთ, რომ ევროკომისიის შეფასება დადებითი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს 12 პუნქტი შესაძლოა იქცეს ე.წ. მუდმივად მოძრავ მიზნად, რომელიც შეიძლება საბოლოოდ არ დაკმაყოფილდეს და დროში გაიწელოს",-განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.