სერგი კაპანაძე - ისეთ მნიშვნელოვან პუნქტებს, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური რეფორმები, მედია, "ქართული ოცნება" შეგნებულად არ ასრულებს

ორგანიზაცია GRASS-ის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის შეფასებით, „ქართული ოცნება" ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს არ ასრულებს, როგორიცაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემო და ა.შ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, GRASS-მა მოამზადა შუალედური მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებს საქართველო იმ 12 მოთხოვნას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოაყენა.

"სამწუხაროდ, ჩანს, რომ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის დეპოლარიზაცია, მედიის მდგომარეობა, დეოლიგარქიზაცია, პროგრესი არ არის და ეს მიმართულებები არ სრულდება. სხვა მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმას, ინსტიტუციურ რეფორმებს, ნაბიჯები არის გადადგმული, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება ეს მოთხოვნები, ნაწილ მოთხოვნებზე, როგორიც არის მაგალითად, ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გადმოტანა, მეტწილად სრულდება. მარტივი დასკვნა არის ის, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, რიგი ინსტიტუციური რეფორმები, მედიასთან დაკავშირებული საკითხები, "ქართული ოცნება" ან არ აკეთებს შეგნებულად ან არ აპირებს, რომ გააკეთოს. ამიტომ, ეს პრობლემად რჩება. ჩვენი მოწოდება და მთავარი გზავნილი არის ის, რომ ამ მნიშვნელოვანი თავების შესრულების გარეშე, საქართველოს ძალიან გაუჭირდება, კანდიდატის სტატუსი მიიღოს",- განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება უნდა წარადგენდეს ანგარიშებს, თუ რას აკეთებს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ამ წუთში სანუგეშოდ არ არის საქმე, თუმცა, ჩვენი მოვალეობა არის ის, ამ თემაზე ვისაუბროთ და გამოვყოთ ის საკითხები, რომლის შესრულება კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მიგვიყვანს",-განაცხადა კაპანაძემ.