პროექტი RescEU - ევროკავშირი ფინეთში საგანგებო სიტუაციათა საწყობებს ქმნის

ევროკომისია ფინეთში დამცავი საშუალებების, საზომი მოწყობილობების, მედიკამენტებისა და ანტისხეულების საერთო ევროპულ მარაგს ქმნის, რომელიც ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ სფეროებში საგანგებო სიტუაციებისთვის იქნება გათვლილი. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ პროექტის დაფინანსება უკვე დაიწყო. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, Yle ავრცელებს.

ევროკომისიამ 1990-იან წლებში მოქმედი სამაშველო სამსახურის პანევროპული მექანიზმი განაახლა და ახალი სისტემა, RescEU ჩამოაყალიბა. RescEU-ს რეზერვი სახანძრო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს, საევაკუაციო თვითმფრინავებს, მედიკამენტებს, საველე ჰოსპიტლებსა და დროებით მობილურ საცხოვრებელს მოიცავს. ევროკავშირი, ასევე, ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ ავარიებზე რეაგირების რეზერვს ქმნის.

პროექტ FI rescEU CBRN-ის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 242 მლნ ევროა, ფინეთში სპეციალური საწყობები აშენდება. პროექტი 2026 წლამდე გაგრძელდება. საწყობები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განთავსდება. პირველი ასეთი საწყობების ადგილმდებარეობა არ საჯაროვდება. მსგავსი საწყობები მოგვიანებით პოლონეთშიც მოეწყობა, როცა ორ დამატებით რეზერვზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ფინეთის საწყობები გაზრდის ევროკავშირის სტრატეგიულ მზადყოფნას, უპასუხოს სხვადასხვა ტიპის საფრთხეებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპასა და ბალტიის ზღვის რეგიონში. უსაფრთხოების შეცვლილ გარემოში საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა, ადრინდელ პერიოდთან შედარებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტა მიკონენი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ