3,000 კმ-იანი სავაჭრო მარშრუტი - რუსეთი და ირანი სანქციებს ახალი გზით გაურბიან

რუსეთი და ირანი ახალი 3,000-კილომეტრიანი ტრანსკონტინენტური სავაჭრო მარშრუტის გაყვანაზე მუშაობენ, რომელმაც ერთმანეთთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილი და ინდოეთის ოკეანე უნდა დააკავშიროს, მიზანი კი ნებისმიერი უცხოური ინტერვენციისგან თავის დაზღვევაა. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

ორი ქვეყანა უკვე ხარჯავს მილიარდებს ტვირთების გადაზიდვების დასაჩქარებლად მდინარეებითა და რკინიგზებით, რომელთაც ერთმანეთთან კასპიის ზღვა აკავშირებს. გამოცემის თანახმად, ზოგიერთი სატვირთო გემი ახალ მარშრუტს უკვე იყენებს.

ესაა ნათელი მაგალითი, თუ როგორ ცვლის ძალთა დაპირისპირება სავაჭრო მარშრუტების ქსელს მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც ახლა განსაკუთრებით დანაწევრებულია. რუსეთი და ირანი, სანქციების ქვეშ მოქცეული ქვეყნები, ერთმანეთის მიმართულებთ იღებენ გეზს და ორივე მათგანი აღმოსავლეთისკენ იხედება აზიის სწრაფად განვითარებად ქვეყნებთან ახალი კომერციული კავშირების შექმნისთვისა და დასავლეთის ინტერვენციისგან თავის დასაზღვევად.

ახალი კორიდორი, რომლის ჩრდილოეთ მხარეს აზოვის ზღვა, მდინარე დონის სათავე, (უკრაინის სახმრეთ-აღმოსავლეთ ნაპირი) და რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის პორტია, რუსეთს საშუალებას მისცემს სავაჭრო გზა დაიმოკლოს.

ამ თვის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ომით მიღებულ ნადავლზე საუბრისას თქვა, რომ აზოვის ზღვა უკვე რუსეთის „შიდა ზღვად“ იქცა. სწორედ აქედან იღებს სათავეს სამდინარო, საზღვაო და სარკინიგზო ქსელი კასპიის ზღვის ირანული ჰაბებისკენ და შემდეგ, ინდოეთის ოკეანისკენ, რომლის მნიშვნელობაზე პუტინმა ასევე ისაუბრა.

სექტემბრის ეკონომიკურ ფორუმზე მან ხაზი გაუსვა საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობასაც მარშრუტის გასწვრივ, რათა რუსულ კომპანიებს გაუჩნდეთ ახალი შესაძლებლობები ირანის, ინდოეთის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ბაზრებზე წვდომისთვის, სანაცვლოდ კი ამ ქვეყნებისგან რესურსები მიიღონ.

1x-1-1674029816.png

ცხადია, ეს აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეშფოთებას იწვევს, რადგან ისინი ცდილობენ დაბლოკონ რუსეთისთვის ირანული დრონებისა თუ სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ახალ სავაჭრო გზასაც და ზოგადად, რუსეთ-ირანის კავშირსაც. ჩვენ გვაშფოთებს ნებისმიერი ქმედება, რომელიც რუსეთს სანქციების თავის არიდებაში დაეხმარება“, - ამბობენ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში.

მდინარეები ვოლგა და დონი, ტრადიციულად, ენერგომატარებლებისა და სასოფლო სამეურნეო საქონლის გადასაზიდად გამოიყენებოდა, თუმცა ახლა მასშტაბი გაზრდილია, ირანი კი რუსული ხორბლის მესამე უმსხვილესი იმპორტიორია. ორმა ქვეყანამ უკვე დააანონსა რიგი საქმიანი გარიგებები, რომლებიც ტურბინებით, პოლიმერებით, სამედიცინო ნაწარმითა და საავტომობილო ნაწილებით ვაჭრობას მოიცავს. რუსეთი ირანს ქიმიურ საწვავსაც აწვდის ბუშერის ბირთვული რეაქტორისთვის.

სანქციებისთვის გვერდის ავლასთან ერთად, რუსეთს ახალი მარშრუტი ევროპის ბაზრის დაკარგვის შემდეგ განსაკუთრებით სჭირდება.

ქვეყანა 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს აზოვის ზღვაში, მდინარე ვოლგასა და დონში სანაოსნო შესაძლებლობების გასაზრდელად.

ამავდროულად, რუსეთსა და ირანს შორის ვაჭრობა იზრდება და ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს მაჩვენებელი 5 მილიარდს გადააჭარბებს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ კი, როგორც რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, სერგეი კატირინი ამბობს, სავაჭრო ბრუნვამ შეიძლება 40 მილიარდ დოლარსაც კი მიაღწიოს.

ირანისთვის კურსის ცვლილება განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო მსოფლიოს წამყვან ძალებთან აღედგინა 2015 წლის შეთანხმება, რომელიც მას სანქციებისგან ათავისუფლებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. ირანელი სახელმწიფო პირები ამბობენ, რომ სრულად ფოკუსირებულნი არიან აღმოსავლეთ მიმართულებაზე - უგულებელყოფენ ევროპასთან ეკონომიკური კავშირების აღდგენასა და სანაცვლოდ, სავაჭრო და ენერგო შეთანხმებების მიღწევას რუსეთთან, ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გეგმავენ.

დასავლური მთავრობების რადარს მიღმა ევრაზიის მთლიანი ტერიტორიის ერთი სისტემის ქვეშ გაერთიანებას წლებია ცდილობენ. ჩინეთი და რუსეთი უკვე შედიან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, რომელსაც უკვე ირანიც შეუერთდა მეცხრე წევრად. ჩინეთი და ირანი ასევე ახლოს არიან ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებაში გაწევრებასთანაც, რაც ქვეყნებს შორის თავისუფალ ვაჭრობას შესაძლებელს გახდის. კიდევ ერთი ინსტიტუცია, რომელიც რეგიონის ეკონომიკებს აკავშირებს, ბრაზილიისგან, რუსეთისგან, ინდოეთისგან, ჩინეთისგან და სამხრეთ აფრიკისგან შემდგარი BRICS-ის ჯგუფია, რომლის წევრთა სიაც თანდათან ფართოვდება.

კახი ჩაკვეტაძე