თურქეთი შავი ზღვის საბადოდან გაზის მიწოდებას მარტში დაიწყებს

თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა გაზსაზომი სადგურის მშენებლობა დაასრულა, რომელიც შავი ზღვის გაზს ფილიოსის საწარმოდან მიიღებს. ასევე, დასრულდა 36-კილომეტრიანი სახმელეთო გაზსადენის გაყვანა, რომელიც ამ სადგურს გაზის გამანაწილებელ ეროვნულ სისტემასთან აკავშირებს. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

თურქეთი შავი ზღვის შელფზე საქარიას გაზის საბადოს აქტიურ განვითარებას განაგრძობს. ამ საბადოდან გაზის მიწოდება თურქი მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ანუ მარტის ბოლომდე დაიწყება. საქარიაზე სამუშაოებს თურქეთის ნავთობის კორპორაცია (TPAO) სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-თან თანამშრომლობით ახორციელებს.

საბადო სანაპიროდან, დაახლოებით, 170 კმ-ში მდებარეობს, საიდანაც გაზის მიწოდება ფილიოსის ქარხნისთვის სპეციალური მილსადენით მოხდება. ფილიოსის ქარხნიდან შავი ზღვის გაზს გაზსაზომი სადგური მიიღებს, რომლის მშენებლობაც კომპანია BOTAŞ-მა დაასრულა. გაზსაზომი სადგური, დაახლოებით, ერთ წელიწადში აშენდა და პირველი ტესტირებისთვის მზად არის.

პირველ ეტაპზე 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩება, თუმცა სადგურის პოტენციალი დღეში 50 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ