ტრანსანატოლიური მილსადენით საქართველოს გავლით ევროპაში მთლიანობაში 19,5 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა

ტრანსანატოლიური მილსადენით (Trans-Anatolian Natural Gas Pipeline-TANAP), რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ძირითადი ნაწილია, 2022 წელს თურქეთს 5,8 მილიარდი კუბური მეტრი, ევროპას კი 11,3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მთლიანობაში, გაზსადენის ექსპლუატაციის დაწყებიდან თურქეთში 20,5 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო ევროპაში 19,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაქაჩეს.

მილსადენი აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის, ხოლო მისი გაგრძელება ტრანსადრიატიკის (TAP) მილსადენია. TANAP-ით გაზის ტრანსპორტირება შაჰდენიზის საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით ხდება. მისი მშენებლობა ფორმალურად, 2015 წლის მარტში დაიწყო. მილსადენის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2 700 მეტრი, ხოლო სიგრძე 1850 კმ-ია.

TANAP-ის მარშრუტი თურქეთის 20 პროვინციაზე, 67 რაიონსა და 600 სოფელში გადის. მილსადენი არდაჰანის პროვინციის პოსოფის რაიონიდან ედირნეს პროვინციის იფსალას რაიონამდე გრძელდება, სადაც ის ტრანსადრიატიკის მილსადენს, TAP-ს უკავშირდება.

TANAP-ში ინვესტიციებმა, თითქმის, 7 მლრდ დოლარი შეადგინა. მილსადენით თურქეთისთვის პირველი გაზის მიწოდება 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო, ხოლო 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს ესქიშეჰირიდან თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე მონაკვეთი შევიდა ექსპლუატაციაში.

TAP-ით ევროპაში გაზის კომერციული ნაკადის მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო.

TANAP-ის პროექტში 51% დახურულ სააქციო საზოგადოება „გაზის სამხრეთ დერეფანს,“ 7% SOCAR-ის შვილობილი კომპანია SOCAR Turkey Energy A.Ş-ს, 30% თურქეთის სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-ს, ხოლო 12% BP-ის ეკუთვნის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ