მეტეხის გვირაბში 100-ზე მეტი სანათი შეაკეთეს

დაზიანებული სანათების აღდგენისა და დასუფთავების მიზნით, გვიან ღამით, მეტეხის გვირაბი რამდენიმე საათით ჩაიკეტა.

"სინათლის ქალაქის" ინფორმაციით, სარემონტო და დასუფთავების სამუშაოები 01:00 საათზე დაიწყო და დილის 05:00 საათზე დასრულდა. გვირაბის შეკეთება-დასუფთავება "სინათლის ქალაქისა" და "თბილსერვის ჯგუფის" ინიციატივით მოხდა. "სინათლის ქალაქის" ხელმძღვანელის ვასილ ხორავას თქმით, მეტეხის გვირაბში 100-ზე მეტი სანათი იყო დაზიანებული და მათი აღდგენა ოპერატიულად მოხდა.

"გვირაბი საჭიროებდა სავენტილაციო ოთახების დასუფთავებას, რის გამოც "თბილსერვისჯგუფმა" გადაწყვიტა შემოერთებოდა "სინათლის ქალაქის" ღონისძიებას და მთლიანად გაერეცხა გვირაბი", - განაცხადა ვასილ ხორავამ.

"სინათლის ქალაქის" ხელმძღვანელის თქმით, სწორედ მეტეხის გვირაბით ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური გადაადგილება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს მოწესრიგებული, სწორად განათებული და მგზავრთა გადაადგილება იყოს კომფორტული.