საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინვენტარიზაციის ახალი ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინვენტარიზაციის ახალი ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, პროგრამა თანამშრომლებსა და სამეურნეო სამსახურს შორის კომუნიკაციას სრულად ავტომატიზებულს ხდის. სააგენტოში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათზე არსებულ ინფორმაციას ნებისმიერ დროს ელექტრონულად გაეცნონ, ნახონ, რა სახის ინვენტარია მათზე განკუთვნილი, გადაამოწმონ და შეადარონ მიღებული და მოთხოვნილი ინვენტარის მახასიათებლების თანხვედრა, დაადასტურონ მოთხოვნილი ნივთის მიღება და გაეცნონ აღნიშნული ინვენტარის მფლობელთა ისტორიას.

"ამას გარდა, პროგრამა სააგენტოს სამეურნეო სამსახურს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს ვისზე რა ინვენტარია გაცემული, შეიტყონ, ვინ იყო ამა თუ იმ ნივთის მფლობელი, ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით მიიღონ ინფორმაცია ინვენტარის უკან დაბრუნების შესახებ და ასევე ელექტრონულად ჩამოწერონ აღნიშნული ნივთი. ამ დრომდე ინვენტარის აღწერა სააგენტოში სხვადასხვა ფაილებით ხდებოდა, რაც რიგ შემთხვევებში სრულყოფილ და რეალურ სურათს არ იძლეოდა. ერთიანი ბაზის შექმნის და პროცესის ავტომატიზების შედეგად მარტივდება სააგენტოში ამა თუ იმ ინვენტარის ადგილის და მფლობელის სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით მოძიება, ასევე ინფორმაციის მიღება, თუ რა მდგომარეობაშია ესა თუ ის ინვენტარი, ჩამოწერილია თუ ვინმეს მფლობელობაშია ის. ასევე შესაძლებელი ხდება გაცემული ინვენტარის შესახებ სტატისტიკური მონაცემების სხვადასხვა ჭრილში მარტივად მოძიებაც", - ნათქვამია განცხადებაში.